თორნიკე შენგელიას 25 ქულა მილანში [ვიდეო] #1TVSPORT

ევროლიგაში მნიშვნელოვანი მატჩი გამართა თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“, რომელიც იტალიურ დერბიში „ოლიმპიას“ მილანში შეხვდა. „ვირტუსს“ ვერ უშველა შენგელიას შედეგიანმა თამაშმა და საბოლოოდ 90:99 დამარცხდა.

პირველი ტაიმის 35:44 წაგების შემდეგ, „ვირტუსმა“ მესამე პერიოდი საოცრად დაიწყო, 6 ქულითაც იგებდა, თუმცა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და მეოთხე მეოთხედს მხოლოდ ერთქულიანი უპირატესობით შეხვდა – 67:66. „ოლიმპია მილანომ“ ბოლო მეოთხედში 33:23 გაიმარჯვა და მატჩიც მოიგო.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო. შენგელია მოედანზე 34 წუთის განმავლობაში იყო, რა დროშიც 25 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა  დააგროვა. თორნიკემ 9-დან 6 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 7-დან 7 საჯარიმო ჩააგდო.

„ვირტუსს“ 1 მოგების წილ 6 მარცხი აქვს და ცხრილში ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა. შენგელიას გუნდს ევროლიგის მომდევნო ტურში თელ ავივის „მაკაბისთან“ საშინაო მატჩი ელის.