თორნიკე შენგელიას 19 ქულა და „ბასკონიას“ ზედიზედ მეორე გამარჯვება „ევროლიგაზე“
საკალათბურთო ევროლიგის გათამაშებაზე, წარუმატებელი სტარტის შემდეგ, თამაშის ხარისხი საგრძნობლად გამოასწორა „ბასკონიამ“.
ესპანურმა კლუბმა მერვე ტურში კაუნასის „ჟალგირისი“ სტუმრად, 97-77 დაამარცხა. ამ გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი თორნიკე შენგელია იყო.
ბასკონიელთა ქართველმა კაპიტანმა, 27 წუთში 19 ქულა, რვა მოხსნა და ორი შედეგიანი გადაცემა გააკეთა. მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით, შენგელია, გერმანელ იოჰანეს ვოიტმანთან ერთად, ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო.
სტუმრებმა, პირველივე ტაიმში მიაღწიეს დიდ უპირატესობას და შესვენებაზე 22-ქულიანი ჰანდიკაპით გავიდნენ. მესამე მეოთხედში კაუნასელებმა ოდნავ შეამცირეს სხვაობა, თუმცა „ბასკონიამ“ მაინც შესძლო დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვება.
პედრო მარტინესის გუნდი სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზე გადავიდა. მომდევნო ტურში, „ბასკონიას“ მეტოქე ბელგრადის „ცრვენა ზვეზდა“ იქნება.