თორნიკე შენგელიას 16 ქულა და „ვირტუსის“ მეორე გამარჯვება ევროლიგაში [ვიდეო] #1TVSPORT

თორნიკე შენგელიას ლიდერობით „ვირტუსმა“ ევროლიგაში მეორე გამარჯვება მოიპოვა. ბოლონიელებმა იტალიაში თელ ავივის „მაკაბის“ უმასპინძლეს და 84:77 დაამარცხეს. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.

შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 24 წუთი გაატარა. მის ანგარიშზე 16 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრაა. თორნიკემ 6-დან 5 ორქულიანი და 4-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

შედეგად, ქართველი მძიმე ფორვარდის სარგებლიანობის კოეფიციენტი 18-ს გაუტოლდა და ის მასპინძელთა რიგებში მხოლოდ ხორვატ ანტე ჟიჟიჩს ჩამორჩა, რომელმაც 14 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა.

2 მოგებითა და 6 მარცხით „ვირტუს ბოლონია“ სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 12 ნოემბერს მადრიდში „რეალთან“ ჩაატარებს.