თორნიკე რიჟვაძე - ტურიზმის სექტორზე დახმარება ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად პრობლემებისა და სიტუაციის ანალიზის შემდეგ მოხდება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძე დღეს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში სფეროს წინაშე არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა.
როგორც თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, ტურიზმის სექტორზე დახმარება განხორციელდება ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად პრობლემებისა და შექმნილი სიტუაციის ანალიზის შემდეგ.
„დღევანდელი შეხვედრის მიზანი გახლავთ, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტად შევისწავლოთ პრობლემები, რომელიც ტურიზმის სექტორში მომუშავე, როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს აწუხებთ, მათ შორის გიდებს თუ სხვა თვითდასაქმებულ ადამიანებს. როგორც კი ჩვენ ეს ინფორმაცია გვექნება დამუშავებული და ანალიტიკურად იქნება შესაძლებელი, რომ ჩვენ დამატებითი ღონისძიებები გავატაროთ ტურიზმთან მიმართებაში, აუცილებლად იქნება გადაწყვეტილი ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ტურისტულ სექტორში მყოფი კომპანიებისთვის პირველი ნაბიჯი სახელმწიფოს მხრიდან გადაიდგა, რათა შეენარჩუნებინათ სამუშაო ადგილები, შემდგომი ნაბიჯები კი, უშუალოდ სექტორის გადარჩენისკენ იქნება მიმართული.
„ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს პანდემია არის ყველასთვის უცნობი ფენომენი და ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაკვირდებოდით მოვლენებს და პირველი ფრონტი იყო პანდემიასთან ბრძოლა. ის პირველი ღონისძიებები, რაც გავატარეთ, ემსახურებოდა, რომ კომპანიები დაგვეცვა გადახდისუუნარობისგან და შენარჩუნებულიყო სამუშაო ადგილები. შემდეგი ამოცანა არის, დავიწყოთ ეკონომიკის აღდგენა და ტურიზმის გადარჩენა და სწორედ ამ კონტექსტში იქნება დამატებითი ღონისძიებები შემუშავებული. თქვენ იცით, რომ ჩვენთან ტურისტული სეზონი ცოტა მოგვიანებით იწყება, ამიტომ როგორც კი დღის წესრიგში დადგა თვითდასაქმებული ადამიანების, თუნდაც იგივე გიდების კომპენსაცია, რა თქმა უნდა, ამ საკითხის უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება და არც არავინ აპირებს, ამიტომ ჩვენ დამატებით შევიმუშავებთ ღონისძიებებს, რომელიც ამ ძალიან მძიმე მდგომარეობაში მათ დახმარებას გაუწევს“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.