თორნიკე რიჟვაძე - გავაკეთებთ მაქსიმუმს, რომ აჭარაში ტურისტულმა სეზონმა წარმატებით ჩაიაროს
თორნიკე რიჟვაძე - გავაკეთებთ მაქსიმუმს, რომ აჭარაში ტურისტულმა სეზონმა წარმატებით ჩაიაროს

აჭარის მთავრობა ცენტრალურ მთავრობასთან კოორდინაციაში, გააკეთებს მაქსიმუმს, რომ აჭარაში ტურისტულმა სეზონმა წარმატებით ჩაიაროს, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის მიერ დაწესებული აკრძალვის ფონზე, ტურიზმის სფერო დიდი გამოწვევის წინაშეა, თუმცა ტურისტული ნაკადები დივერსიფიცირებულია.

„ჩვენ განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე ვართ. იცით, რომ პრაქტიკულად დაწესდა ემბარგო, მაგრამ ბოლო წლებში გაწეული საქმიანობის შედეგად, ჩვენი ტურისტული ნაკადები არის დივერსიფიცირებული. უკვე მაისში ტურისტული ნაკადების რიგი გვქონდა.  ადგილობრივ მეწარმეებთან, საოჯახო სასტუმროებთან, ყველა ბიზნესთან, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებულია ტურიზმთან, ჩვენ გვექნება ძალიან აქტიური თანამშრომლობა. სახელმწიფო, აჭარის მთავრობა ცენტრალურ მთავრობასთან კოორდინაციაში, გააკეთებს მაქსიმუმს, რომ ტურისტულმა სეზონმა აჭარაში წარმატებით ჩაიაროს“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მისი თქმით, ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს საბანკო სექტორთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

ერთობლივი ძალისხმევით ვეცდებით, ხელი შევუწყოთ მცირე და საშუალო ბიზნესს. რაც შეეხება უსაფრთხოების საკითხებს, რომელიც არის ამ სანქციის გამოგონილი მიზეზი, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ არის აღიარებული და ამ მესიჯებს ჩვენ მივაწვდით ყველა ქვეყანას, ყველა ტურისტს, რომ მათი უსაფრთხოება და დასვენება მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი“, – აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.