თორნიკე რიჟვაძე ევროპის საზღვაო რეგიონების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ საზღვაო რეგიონების კავშირის (CPMR) 50-ე გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობა მიიღო.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, გენერალურ ასამბლეაზე, რომელიც საბერძნეთის რესპუბლიკაში გაიმართა, CPMR-ის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტები აირჩიეს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ევროპის საზღვაო რეგიონების კავშირის (CPMR) ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა მეორე ვადით დაიკავა.
მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრა კრეტას ხელისუფლების ხელმძღვანელებთან და CPMR-ის პრეზიდენტთან.
„საზღვაო რეგიონების კავშირი 150 რეგიონს აერთიანებს. ასოციაცია ფოკუსირებულია სოციალურ, ეკონომიკურ საკითხებზე, საზღვაო პოლიტიკასა და ლურჯი ეკონომიკის განვითარებაზე. CPMR-ის წარმომადგენლობა მოიცავს დაახლოებით 200 მილიონ ადამიანს.
2020 წლის ივნისიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა CPMR-ის და ამავე ორგანიზაციის შავი ზღვისა და ბალკანეთის კომისიის (BBSC) სრულუფლებიანი წევრია. 2020 წლის 29 ოქტომბერს კი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე პირველად ორი წლის ვადით CPMR-ის ვიცე-პრეზიდენტად იქნა არჩეული“, – აღნიშნულია აჭარის მთავრობის ინფორმაციაში.