ბათუმის მე-16 საარჩევნო უბანზე, სადაც დილიდან ხალხმრავლობაა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ მისცა ხმა.
მისი თქმით, დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და ისტორიული დღეა ქვეყნის დემოკრატიული და თავისუფალი განვითარებისთვის.
„არჩევანი ჩვენი ქვეყნის წარმატებისთვის – საქართველოს წარმატებისთვის გავაკეთე. ასევე მოქალაქეებს მადლობა მინდა გადავუხადო, რადგან აქტივობაა. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი კიდევ ერთ ღირსეულ გადაწყვეტილებას მიიღებს“, – აღნიშნა რიჟვაძემ.
საქართველოში მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნები მიმდინარეობს. საპარლამენტო არჩევნები ახალი საარჩევნო სისტემით პირველად იმართება. ამომრჩეველი მეათე მოწვევის პარლამენტს ოთხი წლის ვადით, შერეული სისტემით აირჩევს – 120 დეპუტატი პროპორციული საარჩევნო სისტემით აირჩევა, ხოლო 30 მაჟორიტარული სისტემით. 30 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან რვა ოლქი დედაქალაქშია, 22 – რეგიონების მასშტაბით.