საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ახალი, 120/30-ზე საარჩევნო სისტემით იმართება
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ახალი, 120/30-ზე საარჩევნო სისტემით იმართება

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ახალი საარჩევნო სისტემით პირველად იმართება. ამომრჩეველი მეათე მოწვევის პარლამენტს ოთხი წლის ვადით, შერეული სისტემით აირჩევს – 120 დეპუტატი პროპორციული საარჩევნო სისტემით აირჩევა, ხოლო 30 მაჟორიტარული სისტემით.

30 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან რვა ოლქი დედაქალაქშია, 22 – რეგიონების მასშტაბით.

საკანონმდებლო ორგანომ 120/30-ზე საარჩევნო მოდელის თაობაზე საკონსტიტუციო ცვლილებები მიმდინარე წელს, საგაზაფხულო სესიაზე დაამტკიცა, რომლითაც ასევე განისაზღვრა პარტიების დაფინანსების წესი, საარჩევნო ბარიერი, ე.წ. 40 პროცენტიანი ჩამკეტი სისტემა, რომლის მიხედვითაც საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება და მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება იმ პარტიას ან საარჩევნო ბლოკს შეეძლება, რომელიც პროპორციული სისტემით ხმათა 40 პროცენტზე მეტს მიიღებს.

ახალ კონსტიტუციაში დაკონკრეტდა, რომ საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბარიერი ერთი პროცენტია, თუმცა საარჩევნო ბარიერი განსხვავებულია საარჩევნო ბლოკისთვის. კერძოდ, საარჩევნო ბლოკისთვის იმდენი იქნება ბარიერი, რამდენი პარტიაც იქნება მასში გაერთიანებული. მაგალითისთვის, საარჩევნო ბლოკში სამი პარტია თუ იქნება, მისთვის საარჩევნო ბარიერი იქნება სამი პროცენტი.

ამასთან, კონსტიტუციის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველო სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადადის, თუმც ამ პერიოდში რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება.

საქართველოში საარჩევნო სისტემის შეცვლას წინ უძღოდა 8 მარტის შეთანხმება, რომელიც „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის შედგა. მოლაპარაკებებში ჩართული იყვნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც. საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭისყრაზე მხარი არ დაუჭირეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“, თუმცა მმართველმა გუნდმა ცვლილებები დამოუკიდებელი დეპუტატებისა და „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების მხარდაჭერით დაამტკიცა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის 3 526 023 ამომრჩეველია რეგისტრირებული. მათ შორის საზღვარგარეთ – 14 170, ხოლო საქართველოში 3 511 853 ამომრჩეველია.

დატოვე კომენტარი