თორნიკე რიჟვაძე - არ მგონია, ქართველი ხალხის ნება ან ჩვენი წინაპრების ოცნება იყოს, რომ ლიბერასტების ჩრდილოვან კაბინეტს გადავცეთ ხელისუფლება
არ მგონია, ქართველი ხალხის ნება ან ჩვენი წინაპრების ოცნება იყოს, რომ ლიბერასტების ჩრდილოვან კაბინეტს გადავცეთ ხელისუფლება, – ეს განცხადება ოპოზიციის მისამართით დღეს აჭარის მთავრობის სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურმა, თორნიკე რიჟვაძემ გააკეთა.
მისი თქმით, ტურიზმის მიმართულებით აჭარის რეგიონში მნიშვნელოვანი წინსვლაა და რადიკალებს ამ პროცესის შეფერხება სურთ.
„დღეის მდგომარეობით, შემიძლია, დაბეჯითებით გითხრათ, რომ აჭარის რეგიონში, განსაკუთრებით კი ბათუმში სრულად არის აღდგენილი 2019 წლის ტურისტული ნაკადები, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი გეგმა, რომელიც ტურიზმის აღდგენას ეხებოდა, სრულად მოქმედებს. მაისის თვეში ჩვენ გვქონდა 87%-იანი აღდგენა და უკვე, ივნისის ბოლო დღეების მონაცემების ანგარიშით, სრულად აღდგენილია ტურიზმი აჭარაში. ასევე, ყოველდღიურად იზრდება როგორც აეროპორტების დატვირთვა, ასევე ემატება ახალი საერთაშორისო მიმართულებები, რეისები და ყოველთვიურად 370 საერთაშორისო რეისი შესრულდება ბათუმის აეროპორტში. ამ ფონზე მნიშვნელოვანია როგორც ქალაქში, ისე ქვეყანაში მშვიდობის უზრუნველყოფა, ტურიზმის სექტორის მაქსიმალური მხარდაჭერა და ის ჩავარდნა, რაც გვქონდა ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში, სრულად უნდა იქნეს გამოსწორებული ტურიზმის მიმართულებით.
ყველას კარგად ესმის, მათ შორის ხალხს, რომ რადიკალური ნაწილი ცდილობს, მათ შორის ეს მიმდინარე აღდგენა ნებისმიერი საშუალებით დააზიანონ, გამოიწვიონ განსაკუთრებული უკმაყოფილება მოსახლეობაში, თუმცა ისინი ამ მიზანს ვერ მიაღწევენ და დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი ქვეყანა აუცილებლად დაიკავებს ჩვენს ღირსეულ ადგილს, მათ შორის, ევროპულ ოჯახში. თუმცა, არა მგონია, ქართველი ხალხის ნება იყოს ან ჩვენი წინაპრების ოცნება, რომ ლიბერასტების ჩრდილოვან კაბინეტს გადავცეთ ხელისუფლება,“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
თორნიკე რიჟვაძემ აქვე აღნიშნა, რომ გაიზარდა აჭარის ბიუჯეტი და ნახევარ მილიარდს მიაღწია, რითაც დამატებითი პროექტები განხორციელდება. ამასთან, მისი თქმით, ბათუმის ბულვარის განაშენიანებისა და კონსერვაციის გეგმაზე მუშაობა დასრულდა. რიჟვაძის განცხადებით, პროექტს მალე განიხილავს ბათუმის საკრებულო, რაც საბოლოოდ გამორიცხავს სამომავლოდ ბულვარში რაიმე სახის ჩარევას.