თორნიკე ჩივაძე - ტურიზმი ვერ იქნება ეკონომიკის განვითარების ძრავი, რადგან მას არ აქვს უნარი, გააჩინოს მოთხოვნა მაღალკვალიფიციურ სამუშაო ძალაზე
ტურიზმი ვერ იქნება ეკონომიკის განვითარების ძრავი, რადგან მას არ აქვს უნარი, გააჩინოს მოთხოვნა მაღალკვალიფიციურ სამუშაო ძალაზე, – ამის შესახებ სოციოლოგმა და ეკონომიკის მკვლევარმა, თორნიკე ჩივაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
„ევროპის შემთხვევაში ტურიზმი ყოველთვის არის დამატებითი სექტორი და არა ეკონომიკის მამოძრავებელი, საქართველოში კი სამწუხაროდ, პირიქით არის. საქართველოს ეკონომიკაში დინამიკას რომ შევხედოთ, სამუშაო ძალა სად გადაედინება, ვნახავთ, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში დასაქმება მრეწველობის სექტორში არ იზრდება, მცირდება სოფლის მეურნეობაში და იზრდება სერვისის სექტორში. ანუ, ტურიზმს გაჰყავს სამუშაო ძალის უფრო და უფრო მზარდი ნაწილი. ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, ეს კარგია, რადგან მიმდინარე შემოსავლებს ზრდის, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ტურიზმი ვერ იქნება ეკონომიკის განვითარების ძრავი, მარტივი მიზეზების გამო – მას არ აქვს უნარი, გააჩინოს მოთხოვნა მაღალკვალიფიციურ სამუშაო ძალაზე“, – განაცხადა ჩივაძემ.
მისი თქმით, ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია, არსებობდეს ისეთი ტიპის განვითარების გეგმა, რომელსაც ინდუსტრიული პოლიტიკა ესაჭიროება.
„ამის გარეშე, განვითარების მიღწევა შეუძლებელია და ეს შეუძლებელია პოლიტიკური გადაწყვეტილების გარეშე. ბიზნესი ამას თავისით არ და ვერ გააკეთებს. ამ ათწლიანი გეგმის წარმოდგენას ველოდებოდი, თუმცა ჯერჯერობით, კვლავ მოლოდინის რეჟიმში ვართ“, – განაცხადა თორნიკე ჩივაძემ.