ტოპ 14 - ქართველი ლეგიონერები | მე-13 ტური
ტოპ 14 - ქართველი ლეგიონერები | მე-13 ტური

საფრანგეთის ტოპ 14-ის მე-13 ტურის პირველ შეხვედრაში პარიზულმა რასინგმა ტულუზას უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 23:19 დაამარცხა. ვასილ კაკოვინი რასინგის შემადგენლობაში მოედანზე 58-ე წუთზე გამოჩნდა და შეხვედრის დასრულებამდე ითამაშა. კაკოვინმა პასი სულ ორჯერ მიიღო, ორივე შემთხვევაში გასცდა პირველ მცველს და ბურთით ხელში 11 მეტრი გაიარა. მის ანგარიშზე ოთხი შესრულებული და არც ერთი გაფუჭებული ბოჭვაა.

აჟენმა ბრივს 27:13 სძლია. ძირითად შემადგენლობაში იყო კარლენ ასიეშვილი, თუმცა მან მოედანი მალევე, 22-ე წუთზე დატოვა.

ტურნირის ლიდერი მონპელიე შინ ლიონს დაუხვდა და 19 ქულიანი სხვაობით 36-17 დაამარცხა. ძირითად შემადგენლობაში დაიწყო მიხეილ ნარიაშვილმა და მოედანზე 52 წუთი გაატარა. მიქაუტაძე შეხვედრაში მე-11 წუთიდან ჩაერთო. ნარიაშვილმა ბურთი სამჯერ მიიღო და წინ სამი მეტრით წაიწია. ქართველი ბურჯი ძალზედ აქტიური იყო დაცვაში 8 შესრულებული და 2 გაფუჭებული ბოჭვით. მიქაუტაძემ ბურთი ხუთჯერ მიიღო და ოთხჯერ გააკეთა უპირატესობა. მან ოთხი ბოჭვა შეასრულა და მხოლოდ ერთ შემთხვევაში ვერ მოახერხა მეტოქის შეჩერება.

დიდი ანგარიშით, 28:6 დაამარცხა კასტრმა სტად ფრანსე. ზურაბ ჟვანია სათადარაგოთა სკამზე იყო და შეხვედრაში მე-60 წუთიდან ჩაერთო.

პომ კლერმონს ბოლო წუთზე გატანილი ჯარიმით 22:21 სძლია. საგულისხმოა, რომ ჯარიმა კლერმონმა კაკაბაძის აგრესიული მოქმედების გამო მიიღო. ქართველმა ბურჯმა შერკინების შემდეგ მეტოქეს ხელი დაარტყა, რაც არბიტრებს არ გამოპარვიათ. ეს ეპიზოდი კლერმონს ძალიან ძვირად დაუჯდა – მათ წლის პირველი სტუმრად მოპოვებული გამარჯვება გაუშვეს ხელიდან.

Le stupide geste de Kakabadze qui fait perdre l’ASM qui tenait sa première victoire à l’extérieur

Le stupide geste de Kakabadze qui fait perdre l’ASM qui tenait sa première victoire à l’extérieur !!

Posted by ASM Addict on 2017 წლის 24 დეკემბერი, კვირა

 

ძირითად შემადგენლობაში იყო ვიქტორ კოლელიშვილი და მან სრული 80 წუთი ითამაშა. ვიტოს შესანიშნავი მატჩი ჰქონდა, პასი ცხრაჯერ მიიღო და ბურთით ხელში 23 მეტრი გაიარა. შეხვედრის მანძილზე იგი ოთხ მეტოქეს გასცდა. არანაკლებ აქტიური იყო იგი დაცვაში, კოლელიშვილმა 14 ბოჭვა შეასრულა და არც ერთი არ გაუფუჭებია. ამ მაჩვენებლით იგი მხოლოდ დანიელ შულის ჩამორჩა, რომელსაც 16 შესრულებული ბოჭვა ჰქონდა.

კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა ტულონმა, რომელმაც ოიონას უმასპინძლა და 24 ქულიანი სხვაობით 49:25 სძლია. ტულონის ქართველ მორაგბეთაგან შეხვედრაში არც ერთს არ უთამაშია. ფრანგულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით მამუკა გორგოძემ ვარიშისას მძიმე ტრავმა მიიღო და გუნდს დიდი ხნის მანძილზე ვერ დაეხმარება.

13 ტურის შემდეგ ტოპ 14-ს 42 ქულით მონპელიე ლიდერობს. მეორე ადგილზე 39 ქულით ლა როშელია. ერთი ქულით ნაკლები აქვს კასტრს (38), რომელსაც პარიზული რასინგ მეტრო ასევე ერთი ქულით ჩამორჩება (37). მეხუთე ადგილს 36 ქულით ტულონი იკავებს. ტულუზას, ლიონს და ბორდოს 33-33 ქულა აქვთ. პო 31 ქულით მე-9 ადგილზეა. უჩვეულოდ დაბალ, მე-10 ადგილს იკავებს ფრანგული გრანდი კლერმონი, რომელსაც მოცემულ მომენტში მხოლოდ 30 ქულა აქვს მოპოვებული. ტოპ 14-ის ქვედა ოთხეული ასე გამოიყურება – სტად ფრანსე (22), აჟენი (18), ბრივი (15), ოიონა (11).