ბექა გორგაძე კარიერას „ტოპ 14“-ის კლუბ „პო“-ში გააგრძელებს #1TVSPORT
ბექა გორგაძე კარიერას „ტოპ 14“-ის კლუბ „პო“-ში გააგრძელებს #1TVSPORT

ფრანგულ პრესაში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ ქართველი მესამეხაზელი ბექა გორგაძე მომდევნო სეზონიდან „ბორდოს“ დატოვებს და კარიერას ასევე „ტოპ 14“-ში (TOP 14) მოასპარეზე „პო“-ში გააგრძელებს.

ფრანგული კლუბი წლევანდელ სეზონში არც თუ ისე კარგად გამოიყურებოდა და მომდევნო სეზონიდან გაძლიერებას აპირებს. „პო“-ს 22 ტურის შემდეგ 36 სატურნირო ქულა აქვს, მხოლოდ უდავო აუტსაიდერ „აჟენს“ უსწრებს და 14 გუნდიდან მე-13 ადგილზეა. სეზონის ამ პოზიციაზე დასრულების შემთხვევაში გუნდს „ტოპ 14“-ში ადგილის შესანარჩუნებლად რანგით მეორე დივიზიონის – „პროდ2“-ის (ProD2) დამარცხებულ ფინალისტთან დუელი ელის.

ცნობილია გორგაძესა და კლუბს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობებიც. კლუბმა და მორაგბემ კონტრაქტი ორს პლუს ერთი წლით გააფორმეს, რაც იმას ნიშნავს, რომ შეთანხმება 2022 წლის მიწურულს გადაიხედება და მხარეთა დასტურის შემთხვევაში კიდევ ერთი წლით გაგრძელდება.

ბექა გორგაძე „ბორდოში“ 2018 წლიდან ასპარეზობდა, 25 მატჩი გამართა და სამი ლელო დადო, თუმცა გასული წლის 29 ნოემბერს „შემოდგომის ერთა თასზე“ ირლანდიასთან მიღებული ტრავმის გამო კლუბს წლევანდელ სეზონში ვეღარ დაეხმარა და მხოლოდ ორ შეხვედრაში ითამაშა.