გურამ პაპიძე კარიერას „ლა როშელში“ გააგრძელებს
გურამ პაპიძე კარიერას „ლა როშელში“ გააგრძელებს

ნიჭიერმა ქართველმა ბურჯმა გურამ პაპიძემ მიიღო შანსი თავი საფრანგეთის უმაღლეს სარაგბო დივიზიონ „ტოპ14“-ში გამოსცადოს.

პირველხაზელმა ფრანგული კარიერა 2016 წელს, „ლიონში“ დაიწყო, რის შემდეგაც, 2018 წლიდან, „პროდ 2“-ის „ნევერის“ ღირსებას იცავდა, სადაც წლევანდელ სეზონში გამართულ 18 მატჩში  სამი ლელო დადო. ახლა, როგორ ფრანგული პრესა წერს, პაპიძემ შეთანხმებას მიაღწია უმაღლესი დივიზიონის კლუბ „ლა როშელთან“ და ზაფხულიდან სწორედ ამ გუნდის ღირსებას დაიცავს. „ლა როშელი“ წლევანდელი „ტოპ 14“-ის ერთ-ერთი ლიდერია და 15 მატჩის შემდეგ 50 ქულით მესამე ადგილს იკავებს. ამ გუნდში შერკინების კონსულტანტად მუშაობს საქართველოს ნაკრების ლეგენდარული მორაგბე დავით ზირაქაშვილი.

23 წლის პაპიძეს ჯერჯერობით არ უთამაშია საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში, რადგან კონკურენცია პირველ ხაზში განსაკუთრებით დიდია. იგი 2017 წელს თბილისში გამართულ ოცწლამდელთა მსოფლიო თასზე ახალგაზრდა „ბორჯღალოსნების“ ღირსებას იცავდა.