ტომას ჰენდრიკ ილვესი - მოვუწოდებ დე ფაქტო ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ექიმი გაფრინდაშვილი
ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ითხოვს.
ტომას ჰენდრიკ ილვესის ვიდეომიმართვა საქართველოში ესტონეთის საელჩომ „ფეისბუქის“ გვერდზე გაავრცელა.
„მოვუწოდებ დე ფაქტო ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ექიმი გაფრინდაშვილი, რომელიც დადებულ ფიცს ასრულებს და ეხმარება იმ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ ტერიტორიაზე, სადაც ადეკვატური სამედიცინო დახმარება ხელმისაწვდომი არ არის. გაათავისუფლეთ გაფრინდაშვილი“, – აცხადებს ვიდეომიმართვაში ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი.
საქართველოს მოქალაქე, თბილისში მცხოვრები ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ორჭოსანის სიახლოვეს 9 ნოემბერს დააკავეს.
ექიმის წინააღმდეგ დე ფაქტო რეჟიმმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.