ტომას ბარაიბი - გერმანელი ინვესტორების აზრით, საქართველოში ძალიან კარგი, ხელსაყრელი გარემოა ახალი ბიზნესის საწარმოებლად
გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს საპარლამენტო სახელმწიფო მდივანი ტომას ბარაიბი საქართველო-გერმანიის მომავალი ეკონომიკური ურთიერთობების პერსპექტივას დადებითად აფასებს. ეს განცხადება გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გააკეთა, სადაც ის გერმანიის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთად, მინისტრის მოადგილე გენადი არველაძეს და სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელს, მიხეილ ხიდურელს შეხვდა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ, გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს საპარლამენტო სახელმწიფო მდივანმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის პოზიტიურ გამოცდილებაზე ისაუბრა.
„ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესგარემო, რომელიც საქართველოშია შექმნილი. ჩვენი ინვესტორების, ჩვენი კომპანიების წამომადგენლების აზრით, თქვენთან ახალი ბიზნესის საწარმოებლად მართლაც ძალიან კარგი და ხელსაყრელი გარემოა შექმნილი. ჩვენს დელეგაციაში სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები არიან, მათ შორის, ინფრასტრუქტურის, სამთო მრეწველობის, განათლების სფეროდან. ჩვენ ვხედავთ კარგ შესაძლებლობას, რათა ჩვენს შორის სხვადასხვა ტიპის ურთიერთობები ჩამოყალიბდეს“, – აღნიშნა ტომას ბარაიბიმ.
ქვეყნებს შორის ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობაზე საუბრისას, ტომას ბარაიბიმ განაცხადა, რომ ამ მხრივ მნიშვნელოვანია, არსებობდეს გამართული სამართლებრივი პირობები.
„ასევე ქვეყანა უნდა იყოს უსაფრთხო, დაცულად უნდა გრძნობდე თავს. ეს ყველაფერი საქართველოში არსებობს, რაც, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს სხვადასხვა პროექტების განხორციელებას“, – განაცხადა გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს საპარლამენტო სახელმწიფო მდივანმა.
გერმანიის ფედერალური კანცლერის, ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტთან ფარგლებში, საქართველოს მსხვილი გერმანული კომპანიების ხელმძღვანელი პირები ეწვივნენ, რომლებიც 24 აგვისტოს საქართველოს საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებს განიხილავენ.