ტომას ბარაიბი - „დოიჩე ბანი“ საქართველოსთან თანამშრომლობით დაინტერესებულია
ტომას ბარაიბი - „დოიჩე ბანი“ საქართველოსთან თანამშრომლობით დაინტერესებულია

გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს საპარლამენტო სახელმწიფო მდივანმა, ტომას ბარაიბიმ ქართულ მედიასთან საუბრისას განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოში „დოიჩე ბანის“ აღმასრულებელი დირექტორის ვიზიტზე, „საქართველოს რკინიგზისა“ და „დოიჩე ბანის“ თანამშრომლობის ფარგლებში არსებულ პერსპექტივებზე.

ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ტომას ბარაიბის განცხადებით, საქართველოს მხარესთან „დოიჩე ბანი“ იწყებს თანამშრომლობას ამ მიმართულებით.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგანაც საქართველო, თავისი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, ძალიან კარგ შესაძლებლობას იძლევა სხვა ქვეყნებზე გასასვლელად. საქართველოს შეუძლია, მნიშვნელოვანი ფუნქცია შეასრულოს არამხოლოდ სატრანსპორტო კორიდორის შექმნის, ასევე მასში შემავალ ქვეყნებს შორის დაკავშირების მიმართულებით, რითაც „დოიჩე ბანი“ ძალიან არის დაინტერესებული“, – განაცხადა გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს საპარლამენტო სახელმწიფო მდივანმა ტომას ბარაიბიმ.

„დოიჩე ბანი“ ერთ-ერთია იმ კომპანიათა შორის, რომელთა აღმასრულებელი დირექტორებიც საქართველოში გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ვიზიტის ფარგლებში იმყოფებიან და ქართველ საქმიან კოლეგებთან 24 აგვისტოს მრგვალ მაგიდაში მიიღებენ მონაწილეობას.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოსა და გერმანულ სარკინიგზო კომპანიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი პირველად 2016 წელს გაფორმდა, როდესაც „საქართველოს რკინიგზას“ მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობდა.