ტოკიოში „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა, სადაც ღაზაში ჰუმანიტარული პაუზების მოწოდებით გამოვიდნენ
დღეს ტოკიოში „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა, სადაც ლიდერები ღაზაში გრძელვადიანი მშვიდობისა და უსაფრთხოების დასამყარებლად ჰუმანიტარული პაუზების მოწოდებით გამოვიდნენ, თუმცა განცხადებაში ცეცხლის შეწყვეტა არ უხსენებიათ.
ტოკიოში გამართული შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში G7-ის მინისტრებმა გამოხატეს მხარდაჭერა ისრაელისადმი, რომ დაიცვას თავი საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, დაგმეს „ჰამასი“ და მოუწოდეს დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ყველა მძევალი ანკლავში.
„პირველი საკითხი, რაზეც „დიდი შვიდეულის“ წევრები შეთანხმდნენ, არის ის, რომ ცალსახად გმობენ „ჰამასის“ ტერორისტულ თავდასხმას; მეორე – მოითხოვენ მძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას; და მესამე – აუცილებელია სასწრაფო ზომების მიღება ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისის მოსაგვარებლად. ჩვენ შევთანხმდით, რომ მნიშვნელოვანია თავიდან ავიცილოთ შემდგომი ესკალაცია და მისი გადატანა სხვა რეგიონებში. ამასთან, შევთანხმდით, რომ ორი სახელმწიფოს გადაწყვეტა არის ერთადერთი სამართლიანი გზა რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისკენ“, – განაცხადა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოკო კამიკავამ.