ტოკიოს სამედიცინო უნივერსიტეტმა ქალი სტუდენტების გამოცდების შედეგები გააყალბა
როგორც იაპონური გამოცემები წერენ, უმაღლეს სამედიცინო სასწავლებელში მოსახვედრი გამოცდების შედეგები უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, რადგან ჩარიცხულთა 30%-ზე მეტი ქალი იყო.
ჟურნალისტების გამოძიებიდან ირკვევა, რომ უნივერსიტეტის ხელმძღვანელები გამოცდების შედეგებს 2011 წლიდან აყალბებდნენ. ინფორმაციამ იაპონიის მოქალაქეების უკმაყოფილება გამოიწვია. სოციალურ ქსელებში ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სასწავლებელს დისკრიმინაციაში დასდეს ბრალი და მთავრობას რეაგირებისკენ მოუწოდეს.
როგორც ჟურნალისტური გამოძიებიდან გაირკვა, უნივერსიტეტის ხელმძღვანელი პირები შეთანხმდნენ, რომ ქალი სტუდენტების გამოცდების შედეგებს განზრახ გააყალბებდნენ, რადგან თვლიდნენ, რომ ქალების უმეტესობა სამედიცინო სფეროში მუშაობას აღარ აგრძელებს და ბავშვის გაჩენის შემდეგ პროფესიით მუშაობაზე უარს ამბობს.
სამედიცინო უნივერსიტეტში 2010 წელს სტუდენტების 40%-ი ქალი იყო. წელს ჩატარებული გამოცდების შედეგად კი უმაღლეს სასწავლებელში 171 მამაკაცი და 30 ქალი ჩაირიცხა.
აღნიშნული სკანადალი იაპონიაში აქტუალური გახდა, რადგან მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, სინძო აბემ თანამდებობაზე ხელმეორედ არჩევის წინ, განაცხადა, რომ დასაქმებული ქალების რაოდენობის გაზრდისთვის ყველა ზომას მიმართავს.