საქართველოში წელს შვიდი უმაღლესი სასწავლებელი გაუქმდა
საქართველოში წელს შვიდი უმაღლესი სასწავლებელი გაუქმდა

მიმდინარე წელს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი შვიდმა დაწესებულებამ დაკარგა, მათ შორის, ორი პროფესიულ კოლეჯად გადაკეთდა, – ამის შესახებ პირველ არხს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს.

კერძოდ, მათი ცნობით, შპს ინტერბიზნესის აკადემიამ თავად თქვა უარი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსზე და პროფესიული კოლეჯის სახით განაგრძობს საქმიანობას. ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის საგანმანათლებლო კავშირმა „საზოგადოება ცოდნა“.

ხარისხის განვითარების ცენტრის ინფორმაციით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსზე უარის თქმისა და პროფესიული კოლეჯის სახით საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს ასევე, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამ და შპს საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA -იმ. პროცესი 2018 წლის ბოლომდე დასრულდება.

უმაღლესი სასწავლებლების სტატუსის გარეშე დარჩა შპს ამერიკის ბიზნესის აკადემიაც, რომელმაც არაგეგმიური მონიტორინგის ვიზიტის შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ, თავად მოითხოვა ავტორიზაციის გაუქმება. არაგეგმიური მონიტორინგის შედეგად, ავტორიზაცია გაუუქმდა შპს თბილისის საერთაშორისო აკადემიას, შპს წმიდა გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტს და შპს თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტ ჰიპოკრატეს. გარდა ამისა, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის გარეშე დარჩა შპს ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის უმაღლესი სასწავლებელიც, რომელმაც საკუთარი სურვილით თქვა უარი საავტორიზაციო პროცესის გავლაზე.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის გარეშე დარჩენილ დაწესებულებებში ჯამში 1 244 სტუდენტი სწავლობდა.

შეგახსენებთ, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებული დიპლომების გაცემის უფლების მოსაპოვებლად 29 უმაღლეს სასწავლებელს ავტორიზაციის ხელახლა გავლა უწევს. 2018 წლიდან, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ადრე მოქმედი სამი სტანდარტის ნაცვლად, ახალი, ევროპულ სტანდარტებთან თავსებადი შვიდი სტანდარტით უწევთ ავტორიზაციის გავლა. თუ ადრე უნივერსიტეტები მხოლოდ საგანმანათლებლო პროგრამების, მატერიალური ბაზისა და ადამიანური რესურსის ნაწილში მოწმდებოდნენ, ახალი სტანდარტებით განსაკუთრებული ყურადღება ექცევა უნივერსიტეტის მისიას, სტრატეგიულ გეგმას, სტუდენტზე ორიენტირებულ სწავლების პროცესს და მათ მიერ მიღწეული შედეგების შეფასებას. ასევე ფასდება ორგანიზაციული მართვის ნაწილი და კვლევების ჩასატარებლად არსებული რესურსები.

დღეს საქართველოში 66 ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ავტორიზაციას ექვსი წლის ვადით მოიპოვებენ.