ტოჩინოშინმა ნაგოია ბაშოს მეორე ბრძოლაც დათმო
ტოჩინოშინმა ნაგოია ბაშოს მეორე ბრძოლაც დათმო

ნაგოია ბაშოს მეორე დღეს კვლავ დამარცხდა ლევან გორგაძე. ქართველმა მებრძოლმა, რომელმაც წინა ბაშოს მე-10 დღეს მუხლი დაიზიანა, როგორც ჩანს, ტრავმის მოშუშება ვერ შეძლო. ამას დაემატა მოსამზადებელი შეხვედრების დროს მიღებული მხრის ტრავმა და ტოჩინოშინიც ისე მძლავრად ვერ გამოიყურება, როგორც ამას ქართველი გულშემატკივარი ისურვებდა.

მე-3 მაეგაშირა შოდაისთან დაპირისპირების დროს ლევან გორგაძემ თავიდანვე სცადა მისთვის სასურველი მავაშის აღება, მაგრამ მეტოქემ მას კარგი კონტრტაქტიკა დაუპირისპირა, მოძრაობაში აჰყვა და ძლიერი, თანაბარი მიწოლით გაიყვანა დოჰიოდან.

ნაგოიას ბაშოზე ტოჩინოშინი ოძეკის სტატუსითაა. იმ შემთხვევაში, თუ ქართველი დადებით ბალანსს ვერ დააფიქსირებს, შემდეგ ბაშოზე ის „კადობანში“ იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო ტურნირზე მას ოძეკის ტიტულის შესანარჩუნებლად აუცილებლად დასჭირდება მინიმუმ 8 გამარჯვება. ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე რუდენი იქნება.