კიუშუს ბაშოზე პირველი ბრძოლა გამართა ქართველმა ოძეკიმ, ტოჩინოშინმა. მისი მეტოქე მაეგაშირა ტამავაში იყო ჩვენმა თანამემამულემ მეტოქეს ვერაფერი მოუხერხა. ბოლო დროს მონღოლი რიკიში ტოჩინოშინისთვის უხერხულ მეტოქედ ჩამოყალიბდა. შეჯახების შემდეგ ტამავაშიმ კარგად დაიცვა თავი, ქართველ ოძეკის მავაშის აღების საშუალება არ მისცა და კონტრილეთით გადაიყვანა დოჰიოს რკალს მიღმა. ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე იაპონელი მე-3 მაეგაშირა ნიშიკიგი იქნება.
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ამ მარცხისა, ტოჩინოშინს იმპერატორის მეორედ მოგების კარგი შანსი აქვს, რადგან იაპონური გამოცემის, „კიოდო ნიუსის“ (Kyodo News) მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, იოკოძუნა ჰაკუჰო, რომელმაც გასულ თვეში მარჯვენა კოჭის და მარცხენა მუხლის ოპერაცია გაიკეთა, წლის ამ ბოლო სუპერტურნირს გამოაკლდება.
ტურნირზე ვერ იასპარეზებს მეორე მონღოლი იოკოძუნაც. მიზეზი კაკურიუს შემთხვევაშიც ტრავმაა. შესაბამისად, წლის ბოლო ბაშოზე ერთადერთი დიდი ჩემპიონი, კისენოსატო იასპარეზებს, რომელიც საუკეთესო ფორმაში ნამდვილად არ იმყოფება.
საგულისხმოა, რომ ჰაკუჰოს ხანგრძლივი კარიერის მანძილზე ეს მხოლოდ მეათე შემთხვევაა, როდესაც ის ბაშოზე ასპარეზობას ვერ ახერხებს. იაპონურ პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჰაკუჰოს „შიკოს“ (გასახურებელი ვარჯიში სუმოში) შესრულებაც არ შეუძლია და რეაბილიტაციისთვის ფუკუოკაში დარჩება.