ტოჩინოშინი კიუშუ ბაშოს მე-14 დღეს შვიდი გამარჯვებით და ექვსი მარცხით შეხვდა. კაჩი-კოშის, ანუ დადებითი ბალანსის გასაფორმებლად მას დარჩენილი ორი ბრძოლიდან ერთის მოგებაც ყოფნიდა.
სუპერ ტურნირის ბოლოს წინა დღეს ტოჩინოშინი სეკივაკე მიტაკეუმის დაუპირისპირდა და მეტოქე მარტივად, რამდენიმე წამში დაამარცხა. ქართველმა უპირატესობა პირველივე მიძალებისას მოიპოვა, მავაშიში ჩავლება აიღო და მიტაკეუმი დოჰიოდან მარტივად, იორიკირით გაიყვანა.
მანამდე ე.წ. საჩემპიონო ბრძოლა გაიმართა, სადაც ერთმანეთს კომოსუბი ტაკაკეიშო და ოძეკი ტაკაიასუ დაუპირისპირდნენ. 22 წლის ტაკაკეიშო გამარჯვების შემთხვევაში პრაქტიკულად ინაღდებდა ჩემპიონობას, თუმცა ტაკაიასუ მეტოქეს შესანიშნავი ილეთით გაუმკლავდა. 14 დღის შემდეგ ორივე მათგანს 12 მოგება და ორი მარცხი აქვს.