ტოჩინოშინის პირველი გამარჯვება
ტოჩინოშინის პირველი გამარჯვება

ტოკიოში მიმდინარე წლის პირველ სუპერტურნირზე სადებიუტო გამარჯვება მოიპოვა ლევან გორგაძემ. ქართველ მებრძოლს, რომელიც ჰაცუ ბაშოზე აღმოსავლეთის მეექვსე მაეგაშირას სტატუსით ასპარეზობს, კვლავ აწუხებს მუხლის ქრონიკული ტრამვა, ასევე დაზიანებული ნეკნი, რის გამოც პრაქტიკულად მთელი მოსამზადებელი პერიოდი გაუცდა და ოპტიმალურ ფორმაში არა არის.

ამის მიუხედავად, მოტივირებულმა ტოჩინოშინმა მეშვიდე მაეგაშირა ონოშოს დამარცხება მაინც მოახერხა. ქართველმა სეკიტორმა დაჯახებისთანავე მიიღო კომფორტული უპირატესობა მეტოქის მავაშის აღებით და სწრაფადვე ოშიდაშის ილეთით მოახერხა მისი დოჰიოს მიღმა გადაყვანა. ამ გამარჯვებით ტოჩინოშინს თანაბარი ბალანსი გაუხდა (1-1).

ჰაცუ ბაშოს მესამე დღეს ლევან გორგაძის მეტოქე მერვე მაეგაშირა რიუდენი იქნება, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში 2:1-ს უგებს. ტოჩინოშინის მიზანი წლის პირველ ტურნირზე მინიმალური დადებითი ბალანსის მოპოვებაა, რაც მას რანგის კიდევ უფრო დაქვეითებისგან იხსნის, ათზე მეტი გამარჯვების მოპოვების შემთხვევაში კი ქართველი მებრძოლი მნიშვნელოვნად დაწინაურდება და სანიაკუს დაუბრუნდება.