ქართველი ოძეკი მძიმე მდგომარეობაშია [ვიდეო]

ტოჩინოშინი ჰაცუ ბაშოზე ზედიზედ მეოთხედ დამარცხდა. ქართველი ოძეკი წლის პირველ სუპერტურნირზე ტრავმირებული ასპარეზობს და შედეგიც შესაბამისია. ლევან გორგაძის დოჰიოდან გაყვანა ამჯერად კომოსუბი ტამავაშიმ მოახერხა. აქამდე ორი რიკიში ერთმანეთს 25-ჯერ შეხვედროდა – 16-ჯერ გამარჯვება ტოჩინოშინს დარჩა, ცხრაჯერ კი ტამავაშიმ მოიგო.

ტამავაშიმ ბრძოლის დაწყებისთანავე მოიპოვა უპირატესობა და ლევანი დოჰიოს კიდესთან მიიყვანა. ტოჩინოშინმა თითქოს ბრძოლა შემოაბრუნა, მაგრამ მეტოქის მორიგ მიძალებას ვერ გაუძლო და მიმდინარე ტურნირზე მეოთხედ დამარცხდა. ამ ბრძოლისას კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ გორგაძე ტრავმირებულ ფეხს ვერ ეყრდნობა და მისი წარუმატებელი გამოსვლის უმთავრესი მიზეზი სწორედ ესაა.

ჰაცუ ბაშოზე გამოსვლის გადაწყვეტილება ტოჩინოშინმა ტურნირის დაწყებამდე ერთი დღით ადრე მიიღო. მან მარჯვენა ფეხზე ბარძაყის კუნთი დაიზიანა და მუდმივ ტკივილს გრძნობს. იყო შესაძლებლობა რომ ქართველს ოძეკის წლის პირველი ტურნირი გამოეტოვებინა და მარტის ბაშოს ფორმაში შეხვედროდა, თუმცა მწვრთნელთან და კლუბის პრეზიდენტთან კონსულტაციის შემდეგ ჰაცუ ბაშოზე მონაწილეობის გადაწყვეტილება მაინც მიიღო.

ასეთ ფორმაში მყოფ ტოჩინოშინს დადებითი ბალანსის დაფიქსირება ძალიან გაუჭირდება. არის შანსი რომ ქართველმა მებრძოლმა ტურნირი ნაადრევად დაასრულოს და მარტის ბაშოსთვის მოემზადოს, სადაც ოძეკის რანგის შესანარჩუნებლად მას აუცილებლად დადებითი ბალანსი დასჭირდება

ტოჩინოშინის მეტოქე ხვალ მესამე მაეგაშირა შოჰოზანი იქნება.

დღეს, ჯურიო დივიზიონში ბრძოლა დათმო გაგამარუმაც, რომელსაც ოთხი დღის შემდეგ ორი გამარჯვება და ამდენივე მარცხი აქვს.