გამოვდივარ მოწოდებით, გადამოწმდეს ყველა საჩივარი, რომელიც ისმოდა საარჩევნო პროცესის მიმართ, მოვუწოდებ მმართველ პარტიასა და ყველა სხვა პარტიას, ჩაერთონ აზრიან დიალოგში, რათა გადაიჭრას ყველა ის პრობლემა, რომელიც წინ წამოიწია და რათა გაგრძელდეს საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმა, – ამის შესახებ საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე მომხსენებელმა, ჰოლანდიელმა დეპუტატმა, ტინი კოქსმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე განაცხადა, რომელზეც საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ სადამკვირვებლო მისიის ანგარიშს განიხილავენ.
„საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა „კოვიდ-19“-ის პანდემიის პერიოდში. ამის გამო საქართველოს მოქალაქეებისა და მთავრობის შესაძლებლობები შეზღუდული იყო. ასევე, შეზღუდული ვიყავით ჩვენ, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებიც. ჩვენ საქართველოში დაგეგმილი წინასაარჩვენო ვიზიტის გაუქმება მოგვიწია. ამასთან, არჩევნებზე დასაკვირვებლად ჩვენი დელეგაციის ნაწილის გაგზავნა მოხერხდა და ასევე, მოგვიხდა არჩევნების შემდგომ დაგეგმილი ვიზიტის ჯერ გადადება და შემდეგ საერთოდ გაუქმება. მიუხედავად ამისა, მინდა, მადლობა ვუთხრა საუკუთესო თანამშრომლობისთვის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს და მხარდაჭერისთვის საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს, პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას. მათი წყალობით ჩვენ მაინც შევძელით ჩვენი სამუშაოს შესრულება“, – განაცხადა ტინი კოქსმა.
რაც შეეხება სადამკვირვებლო მისიის მუშაობის შედეგებს, დეპუტატის თქმით, ეს მის ანგარიშშია მოცემული, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას უკვე წარედგინა.
„საქართველოში პოლიტიკური კლიმატი დაძაბული იყო არჩევნების წინ. ეს დაძაბულობა შენარჩუნდა არჩევნების დღეს და არჩევნების შემდგომაც. სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, რომელშიც ჩვენთან ერთად მონაწილეობდნენ ეუთო-ს საპარლამენტოს ასამბლეის, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეისა და ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენლებიც, არჩევნები იყო კონკურენტული და საერთო ჯამში, ფუნდამენტური უფლებები იყო დაცული. მიუხედავად ამისა, ისმოდა ამომრჩევლებზე ზეწოლის ბრალდებები, მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის მკვეთრი გამყოფი ხაზი წაშლა, რამაც შეამცირა საზოგადოების ნდობა პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ. მმართველი პარტიის დომინანტობა საარჩევნო კომისიებში ნეგატიურად აისახა მათი მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის აღქმაზე, განსაკუთრებით საარჩევნო ადმინისტრაციების დაბალ დონეზე. ბოლო პერიოდში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ინკლუზიური კონსულტაციების შედეგად იყო დამტკიცებული, რომელიც შეიცავდა ევროსაბჭოსა და ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების რეკომენდაციებს, ხელი შეუწყო ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნას, რომელიც წარმოადგენს საფუძველს დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად. ამასთან ერთად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესაძლებლობა, ზედამხედველობა გაუწიოს საარჩევნო კამპანიის დაფინანსებას, კვლავ შეზღუდულია. შესაბამისად ევროსაბჭოს და ოდირის ეს რეკომენდაცია ჯერ ისევ შესასრულებელია“, – განაცხადა მომხსენებელმა.
ტინი კოქსის თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მთავარი პრობლემა არ ყოფილა თავისუფლების ხარისხი, პრობლემას წარმოადგენდა სამართლიანობის ხარისხი.
„დასკვნის სახით ვიტყვი რომ ეს არჩევნები იყო კონკურენტული და შედარებით თავისუფალი. არჩევნებში მონაწილეობდა 48 პარტია და ორი ბლოკი. ათმა პარტიამ მიაღწია წარმატებას და მათ ერთზე მეტი წარმომადგენელი შეიყვანეს პარლამენტში. ამ არჩევნების მთავარი პრობლემა არ ყოფილა თავისუფლების ხარისხი, პრობლემას წარმოადგენდა სამართლიანობის ხარისხი. საარჩევნო კამპანიის დროს მმართველი პარტია არასათანადო პატივისცემით მოეპყრო იმ ხაზს, რომელიც მათ სახელმწიფოსგან ჰყოფს, როგორც ეს სადამკვირვებლო მისიამ დააფიქსირა. კიდევ ერთი მთავარი პრობლემა ის არის, რომ სხვა პარტიებმა გადაწყვიტეს, ბოიკოტი გამოუცხადონ ახალ პარლამენტს, რაც ეწინააღმდეგება თავად არჩევნების არსს, რაც ნიშნავს ამომრჩევლის წარმომადგენლობას პარლამენტში. ჩვენმა თანამომხსენებლებმა უკვე მოუწოდეს მათ, დაიკავონ ადგილები ახალ პარლამენტში, საქართველოს დემოკრატიის განმტკიცებისთვის. ჩვენი აზრით, ეს გონივრული რჩევაა, ამიტომ გამოვდივარ მოწოდებით, გადამოწმდეს ყველა საჩივარი, რომელიც ისმოდა საარჩევნო პროცესის მიმართ. მოვუწოდებ მმართველ პარტიასა და ყველა სხვა პარტიას, ჩაერთონ აზრიან დიალოგში, რათა გადაიჭრას ყველა ის პრობლემა, რომელიც წინ წამოიწია და რათა გაგრძელდეს საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმა“, – დასძინა ტინი კოქსმა.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის შესახებ ანგარიში რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა. ანგარიშის ავტორია ტინი კოქსი. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული, ფუნდამენტური თავისუფლებები იყო დაცული. ამასთან, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ყველა პარტიას მოუწოდებს, ახალ პარლამენტში დაიკავონ ადგილები და მის დემოკრატიულ ფუნქციონირებას ძირი არ გამოუთხარონ.