ტინი კოქსი - ომის დასრულების შემდეგ რუსეთს მოუწევს, დაამტკიცოს, რომ მისი ნდობა შეიძლება
ომის დასრულების შემდეგ რუსეთს მოუწევს, დაამტკიცოს, რომ მისი ნდობა შეიძლება, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ტინი კოქსმა განაცხადა.
კოქსის თქმით, აგრესიულმა ომმა მსოფლიოს დაანახა, რომ რუსეთში არ არის დემოკრატია, არამედ არის ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც აშინებს და თავს ესხმის მეზობელ ქვეყნებს.
„ომი როცა დასრულდება, ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, როგორ ვითანამშრომლოთ რუსეთთან, რადგან რუსეთი არსად არ მიდის. რუსეთში მილიონობით მოქალაქეა, რომლებიც ასევე იმსახურებენ ევროსაბჭოს მექანიზმებით დაცვას“, – აღნიშნა კოქსმა.
ამასთან ერთად, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვიდრე რუსეთი არ აიღებს პასუხისმგებლობას, სამართლიანობაზე საუბარი შეუძლებელია, ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან, უნდა აღიაროს, რომ დაარღვია თავისი ვალდებულებები და უნდა აანაზღაუროს უკრაინისთვის მიყენებული ზიანი.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცვლილებები დაიწყოს თავად რუსეთში. დღევანდელი რეჟიმი, რომელმაც დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ ომი, არ არის ის რეჟიმი, რომელსაც ჩვენ ვენდობით. რა თქმა უნდა, მისი შეცვლა რუსეთის მოქალაქეების საქმეა, მაგრამ მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ვხედავ შესაძლებლობას, რომ რუსეთი დაუბრუნდეს საერთაშორისო სამართალს“, – განაცხადა ტინი კოქსმა.