თინათინ მოსიაშვილი - ექსკურსიის კულტურის ჩამოყალიბებას პირველი კლასიდანვე უნდა ვიწყებდეთ
ექსკურსიის კულტურის ჩამოყალიბებას პირველი კლასიდანვე უნდა ვიწყებდეთ, – ამის შესახებ ჟურნალისტმა, გეოგრაფმა და გიდმა, თინათინ მოსიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ამისკენ ძალიან დიდი რესურსი უნდა მივმართოთ, რადგან ეს არის უნარები, რომელიც ჩვენს მოზარდებს ცხოვრებაში აუცილებლად დასჭირდებათ. ეს უნარები ბავშვს დასაწყისიდანვე, პირველი კლასიდანვე უნდა გამოუმუშავდეს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვები პირველ კლასშივე მაინცდამაინც ურთულეს მარშრუტებზე უნდა წავიყვანოთ; შეიძლება მუზეუმებში წასვლა და ა.შ. გასათვალისწინებელია ასაკი, სეზონი და ყველაფერი“, – განაცხადა თინათინ მოსიაშვილმა.
როგორც მოსიაშვილმა აღნიშნა, ექსკურსიების მოწყობისას, რისკების მინიმუმამდე დასაყვანად აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული ბევრი ფაქტორი.
მან ასევე განაცხადა, რომ თბილისში არის სკოლები, სადაც ფინანსური თვალსაზრისით შედარებით უკეთესი მდგომარეობაა, მაგრამ შეძლებისდაგვარად, ეს შესაძლებლობა საქართველოს ყველა რეგიონის სკოლას და კლასს უნდა მისწვდეს, რადგან ექსკურსია, როგორც განათლების ნაწილი, ყველა ბავშვის უფლებაა.
ისივე თქმით, შესაძლოა, სკოლას ყოველთვის არ ჰქონდეს შესაბამისი ფინანსური რესურსი, რომ კვალიფიციური გიდი აიყვანოს, მაგრამ მთავარია, ტურიზმის ადმინისტრაციისა და განათლების სამინისტროს მხრიდან არსებობდეს ხედვა და რესურსების მოძიება შესაძლებელია.
„გვიწერია, რომ განათლება ჩვენ ქვეყანაში პრიორიტეტად განიხილება. ძალიან მინდა, ასე ვხედავდე და განათლების ერთ-ერთ, ცალკე სეგმენტად ვხედავდე ამ მიმართულებასაც. მიმაჩნია, რომ ეს აუცილებელია. ქვეყნის თითოეული მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის ექსკურსია ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია და როგორც განათლებას ვუყურებთ, ეს განათლების სფეროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილად უნდა განვიხილოთ“, – განაცხადა თინათინ მოსიაშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იქნება თუ არა „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ ერთგვარი პრევენცია და შეძლებს თუ არა ის ტრაგედიების მინიმუმამდე დაყვანას, თინათინ მოსიაშვილმა განაცხადა, რომ სამწუხაროდ, აბსოლუტური დაცვა ბუნებაში არ არსებობს, მაგრამ ის ერთგვარი პრევენცია იქნება.