თინათინ ბერძენიშვილმა საქართველოს პირველი არხის ახალი სტრატეგია „ჩვენთვის, თითოეულისთვის - უყურე და უსმინე ქართულს“ წარადგინა
საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა დღეს მაუწყებლის ახალი სტრატეგია „ჩვენთვის, თითოეულისთვის – უყურე და უსმინე ქართულს“ წარადგინა.
დღესვე სოციალურ ქსელში გავრცელდა პირველი არხის საიმიჯო ვიდეორგოლი – პირველი არხი – შენი საკუთარი ამბავი.
როგორც საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა განაცხადა, პირველი არხის სტრატეგია, საიმიჯო ვიდეორგოლის მსგავსად, ამბის კონსტრუქციული თხრობის კონცეფციას ეფუძნება, ხედვა კი, ერთი მხრივ, ქართული პროდუქტის შექმნას, ხოლო მეორე მხრივ, ხარისხიანი მედიაწარმოების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
„შევქმენით საიმიჯო ვიდეორგოლი, რომელიც ფერებით, მუსიკით, ემოციით არის პირველი არხი. შევეცადეთ თვალსაჩინო გაგვეხადა ის მიზნები, რომელიც მაუწყებელსა და თითოეულ ჩვენგანს აქვს, გადმოგვეცა ჩვენი ხედვა და მისწრაფება, რომელიც გვამოძრავებს, რადგან საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ჩვენთვის, თქვენთვის, თითოეულისთვის“, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა.
დოკუმენტი მოიცავს პირველი არხის განვითარების სტრატეგიას სხვადასხვა მიმართულებით, ძირითად ღირებულებებს, მიზნებს, ასევე წარმოდგენილია არხის ხედვა.
როგორც საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა განაცხადა, სტრატეგიისა და ხედვის დოკუმენტი არის ყველასთვის გასაგები და თვალსაჩინოა ის მიზნები და ამოცანები, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელსა და მის თითოეულ თანამშრომელს ამოძრავებს.
„სტრატეგია სრულად ასახავს საზოგადოებრივი მაუწყებლის როგორც გრძელვადიან სტრატეგიას, ასევე მოკლევადიან ხედვას. მაგალითად, 2021 წლის სეზონს. სტრატეგია მოიცავს როგორც მაუწყებლის ძირითად ღირებულებებს, მასში ასევე წარმოდგენილი იქნება სამივე სამაუწყებლო არხის ხედვა ფინანსური გამჭვირვალობის, ახალი შენობის, ტექნიკური და ტექნოლოგიური გადაიარაღების მიმართულებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი დამოკიდებულება ახალ მედიასთან, როგორც ყველაზე ძლიერ მოთამაშესთან ბაზარზე. ამ მიმართულებით საკმაოდ მძლავრად ვვითარდებით.
ხედვის ნაწილში ვეცადეთ, რომ ჩვენს მაყურებელს, მსმენელსა და მკითხველს დაწვრილებით ავუხსნათ, რა არის საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეპტუალური ხედვა, რომელიც თითოეულ მედიაპროდუქტში მოიაზრება. ხშირად ვიმეორებ, რომ ჩვენი მისიაა – გავხადოთ კარგი პოპულარული და პოპულარული – კარგი. ვუსმინოთ და ვუყუროთ ქართულს, ისეთი მედიაპროდუქტი შევქმნათ ბაზარზე, რომელიც თავისთავად ქმნის ღირებულებას, რადგან საზოგადოებრივ მაუწყებელს სხვა მისია არ გააჩნია.
ზოგადად, დოკუმენტში შევეხეთ მედიაეკოლოგიას და საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნდამენტურ მნიშვნელობას. ამიტომ, ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იქნება, რომ ფართო საზოგადოება გაეცნოს ამ დოკუმენტს. ასევე, საინტერესო იქნება ის უკუკავშირი, რომელსაც მივიღებთ თავად მაყურებლისგან“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.
პირველი არხის განვითარების სტრატეგიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა ქართული ორიგინალური გადაცემების, ტელესერიალებისა და დოკუმენტური ფილმების წარმოების უზრუნველყოფა.
აღსანიშნავია, რომ The Walt Disney Company-სთან გაფორმდა კონტრაქტი, რომელიც კინოსა და ანიმაციის საბავშვო და საოჯახო ნახვისთვის განკუთვნილ პაკეტებს მოიცავს.
პირველი არხი მაყურებელს კვლავ შესთავაზებს მნიშვნელოვან საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებს.
ახალ სტრატეგიაში გათვალისწინებულია პოდკასტების სერიაზე მუშაობა, რომელსაც ევროპის მაუწყებელთა კავშირის მხარდაჭერით, საქართველოს რადიო განახორციელებს.
პირველი არხის სტრატეგია მოიცავს ასევე ახალ პროექტზე მუშაობას – „პირველი არხი – სცენა“, რომელიც ყველა საშემსრულებლო ხელოვნებას ერთ ციფრულ პლატფორმაზე აერთიანებს. „პირველი არხი – სცენა“ მუსიკის მოყვარულებს შესაძლებლობას მისცემს, ონლაინ ბილეთების საშუალებით დაესწრონ სხვადასხვა კონცერტის ტრანსლაციას.
მნიშვნელოვანი სიახლეა მობილური აპლიკაცია – უნიკალური VOD-აპლიკაცია ბაზარზე, რომელიც Digital First პრინციპით პოპულარული პროდუქტების პრემიერას მომხმარებელს აპლიკაციის საშუალებით შესთავაზებს.
როგორც სტრატეგიაშია აღნიშნული, მაუწყებლის თითოეულ პლატფორმაზე სწორად დაგეგმილი ნაბიჯებით, ტექნოლოგიური გადაიარაღებით, რომელიც კონტენტის ხარისხობრივ გაუმჯობესებაზე პირდაპირ აისახება, საერთაშორისო თუ ადგილობრივი მაღალი ხარისხის პროდუქტის შეთავაზებით, 2021 აუდიტორიის გაფართოებისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ ნდობის განმტკიცების წელი იქნება.