თინათინ ბერძენიშვილი - უკრაინა, საქართველო თქვენ გვერდით არის, პირველი არხი კი არის იქ, სადაც საქართველოა
საქართველოს პირველი არხი, წითელ ჯვართან ერთად, უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად და უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის სოლიდარობის ნიშნად, დღეს საქველმოქმედო მარათონს – „ჩვენ უკრაინისთვის“ მართავს.
ევროპის მაუწყებელთა კავშირი ერთიანია, როგორც არასოდეს – ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებლების სოლიდარობის აქცია მთელ ევროპაში, მარათონმა სტარტი ვარშავაში აიღო, დღეს თბილისსა და პრაღაში, შემდეგ ტალინსა და ბუქარესტში, ასევე მთელი ევროპის ყველა დედაქალაქში საქველმოქმედო მარათონები გაიმართება, მიზანი კი ერთია – უკრაინელი ხალხის დახმარება.
მარათონთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი:
„უკრაინა, საქართველო თქვენ გვერდით არის, პირველი არხი კი არის იქ, სადაც საქართველოა დღეს, ისე როგორც არასდროს, უკრაინელ ხალხს ჩვენი დახმარება სჭირდება! დღეს, ისე როგორც არასდროს, მსოფლიო ერთიანია.
ჩვენ ეპოქალური მოვლენების მოწმე ვართ, ეს უმძიმესი დღეები ჩვენი უახლესი, უმნიშვნელოვანესი ისტორიაა.
დღეს ჩვენი პირდაპირი ეთერი სოლიდარობის ნიშნად უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამაუწყებლო ეთერია.
ამ საღამოს საქართველოს პირველი არხის ორგანიზებით, წითელ ჯვართან ერთად, უკრაინის დასახმარებლად საქველმოქმედო მარათონი იმართება.
სოლიდარობის აქციამ სტარტი ვარშავაში აიღო და ის ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გაგრძელდება.
პირველ არხზე ამოქმედებულია 24-საათიანი ცხელი ხაზი საქართველოში მყოფი უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, მოქალაქეებისგან უამრავი ზარი შემოდის, რომლებიც მზად არიან რეალური მხარდაჭერისთვის, დღეს თითოეულ მათგანს ექნება შესაძლებლობა, თავისი წვლილი შეიტანოს სოლიდარობის აქციაში. შემოსული თანხა წითელი ჯვრის მეშვეობით გადაერიცხება ომის მიმდინარეობისას დაზარალებულებს, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.
ეს გახლავთ ერთიანი დახმარების/სოლიდარობის აქცია საქართველოს მოქალაქეების სახელით. უკრაინა, საქართველო თქვენ გვერდით არის, პირველი არხი კი არის იქ, სადაც საქართველოა“.