თინათინ ბერძენიშვილი - საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსური აუდიტის დასკვნა, რომელიც პრაქტიკულად შენიშვნების გარეშეა, ვფიქრობ, ჩვენი ორგანიზაციის დიდი მიღწევაა
საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსური აუდიტის დასკვნა, რომელიც პრაქტიკულად შენიშვნების გარეშეა, ვფიქრობ, ჩვენი ორგანიზაციის დიდი მიღწევაა, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის მიერ ჩატარებული აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით განაცხადა.
„საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ანგარიშვალდებულება და გამჭირვალობა ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის მიერ ჩატარებული აუდიტის დასკვნა, რომელიც პრაქტიკულად შენიშვნების გარეშეა, ვფიქრობ, ჩვენი ორგანიზაციის დიდი მიღწევაა. 2021 წლის აუდიტი წარმოადგენს ჩვენი საქმიანობის ძალიან დადებით შეფასებასა და შეჯამებას. აუდიტის დასკვნა გაეგზავნა პარლამენტს და საზოგადოებისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება ჩვენს ვებგვერდზე“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.
საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის 2021 წლის ფინანსური ანგარიშგების დასკვნაზე მუშაობა დაასრულა. პროცესი მოიცავდა ფინანსური ანგარიშგებების, შესყიდვებისა და საგადასახადო აუდიტს. აუდიტორულმა კომპანიამ სამივე მიმართულებით დადებითი დასკვნა მოამზადა. დარღვევა არც ერთი მიმართულებით არ გამოვლენილა. კანონმდებლობის შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებლის აუდიტის დასკვნები პარლამენტს ეგზავნება, რომელსაც საკანონმდებლო ორგანო მაუწყებლის საქმიანობის ანგარიშთან ერთად განიხილავს.