თინათინ ბერძენიშვილი - საქართველოს პირველი არხი მზად არის ცვლილებისთვის და ვიბრძოლებთ, რათა ჩვენს ქვეყანაში კონსტრუქციული ჟურნალისტიკა გახდეს მოწინავე
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს პირველმა არხმა დაიწყო გრძელვადიანი პროექტი, რომელიც კონსტრუქციული ჟურნალისტიკის მიმართულებით ჟურნალისტების სწავლებას ითვალისწინებს.
თინათინ ბერძენიშვილის თქმით, პროექტი ევროპის მაუწყებელთა კავშირის დახმარებით ხორციელდება, მასში ჩართულია კონსტრუქციული ახალი ამბების ინსტიტუტი და საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტებს მიეცემათ შესაძლებლობა, ორი წლის განმავლობაში სწავლება გაიარონ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ დანიაში.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებისთვის ონლაინ ფორმატში კონსტრუქციული ჟურნალისტიკის საკითხზე ტრენინგი დღეს გაიმართა.
„ძალიან საინტერესო სესია გვქონდა, რომელზეც ვისაუბრეთ, რომ ყველას გვინდა პროგრესი, მაგრამ გვეშინია ცვლილების. საქართველოს პირველი არხი მზადაა ამ ცვლილებისთვის და ვიბრძოლებთ, რათა ჩვენს ქვეყანაში კონსტრუქციული ჟურნალისტიკა გახდეს მოწინავე, კარგად ავუხსნათ საზოგადოებას, რა ტიპის ჟურნალისტიკაა ეს, რადგან ხშირად ეს ასოცირდება პოზიტიურ ახალ ამბებთან, რაც სინამდვილეში აბსოლუტრად სხვა რამეა და წამყვანი ევროპული მედია კონსტრუქციულ ჟურნალისტიკას პრაქტიკაში უკვე იყენებს. დარწმუნებული ვარ, ის დაინერგება საქართველოშიც.
სექტემბერში კი კონსტრუქციული ახალი ამბების ინსტიტუტის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, კონსტრუქციული ახალი ამბების გამოცემის ავტორი ულრიკ ჰააგერუპი ჩამოვა საქართველოში, გვექნება ძალიან დიდი ღონისძიება, კონფერენცია, საჯარო ლექცია ყველა დაინტერესებული პირისთვის. პროცესში ჩაერთვებიან სტუდენტები, რადგანაც ვფიქრობთ, რომ ახალი ჟურნალისტიკის ძალა არიან სწორედ სტუდენტები, ახალგაზრდა ჟურნალისტური კორპუსი. ასევე, პროექტში ჩაერთვება ყველა დაინტერესებული პირი, მათ შორის, შეიძლება, იყვნენ პარლამენტარები, სამოქალაქო სექტორი, კერძო მედიასაშუალებები.
დარწმუნებული ვარ, ჩვენი მაყურებელი მალე პრაქტიკაში დაინახავს, რაზე ვსაუბრობთ და იგრძნობს კონსტრუქციული ჟურნალისტიკის ხიბლს. ტრენინგზე ჩვენმა სპიკერმა აღნიშნა, რომ კონსტრუქციული ჟურნალისტიკა არ ინერგება ყველგან, ისეთ ავტორიტარულ ქვეყნებში, რომლებსაც უნდათ, კონსტრუქციული ჟურნალისტიკა გამოიყენონ სათავისოდ. ეს ჟურნალისტიკა ინერგება წამყვან ევროპულ დემოკრატიულ ქვეყნებში, რადგან ხელს უწყობს საზოგადოებას, დიალოგს, კონსტრუქციულ ნარატივს და ეხმარება ჟურნალისტებს, რომ მოქალაქეებზე იზრუნონ; არ ინერგება პოლიტიკოსებისთვის ან სხვა დაინტერესებული პირებისთვის.
ჩვენი ჟურნალისტები გაემგზავრებიან დანიაში, თითოეული კურსი იქნება ექვსკვირიანი. 2023 წლის პირველ ნახევრამდე უკვე გაწერილი გვაქვს გეგმები. თუ მივხვდებით, რომ ეს სწავლება არხისთვის პროდუქტიულია, ევროპის მაუწყებელთა კავშირი მზად არის, კვლავ თავისი კონტრიბუციით დაგვეხმაროს და საკუთარ თავზე აიღოს ჟურნალისტების გადამზადების ხარჯები.
ეს არის უნიკალური შესაძლებლობა პირველი არხისთვის, ეს არის ევროპელ მაუწყებელთა კავშირის მესიჯი, რომ ის კონტრიბუციას დებს ქართველ ჟურნალისტებში, რათა ეს ევროპული მოდელი დაინერგოს საქართველოში, რადგან კონსტრუქციულ ჟურნალისტიკას ყალბი ამბების სამყაროში ალტერნატივა არ აქვს.
ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, გახდეს ახალი ამბის მთხრობელი. არ ვიცით, სად არის ჟურნალისტის ნამდვილი როლი და სწორედ ამ კითხვაზე – რისთვის ვართ ჩვენ, საპასუხოდ არის ეს; რას ნიშნავს, ვემსახუროთ მოქალაქეებს, ჩვენს ქვეყანას და არა, მაგალითად, პოლიტიკურ ელიტას; სად არის განსხვავებები და როგორი ინსტრუმენტები გვაქვს, რათა ეს ჟურნალისტიკა დავნერგოთ ჩვენს ქვეყანაში და აღარ იყოს საშიში ეს პროფესია. დღეს არის ტენდენცია, რომ ხშირად მოქალაქეები, რესპონდენტები შიშით უყურებენ მიკროფონებს, ამიტომ არის გრძელი და რთული გზა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ევროპის მაუწყებელთა კავშირის დახმარებით, ახალი ამბების ინსტიტუტის ჩართულობით და მათი მოტივაციით, ყველაფერი გამოგვივა“, – აცხადებს თინათინ ბერძენიშვილი.