საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებისთვის კონსტრუქციული ახალი ამბების საკითხზე ტრენინგი მიმდინარეობს

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებისთვის და მედიამენეჯერებისთვის ტრენინგი – კონსტრუქციული ახალი ამბები მიმდინარეობს. სემინარის მთავარი თემა კონსტრუქციული ჟურნალისტიკაა. გადამზადების კურსს კონსტრუქციული ახალი ამბების ინსტიტუტის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, კონსტრუქციული ახალი ამბების გამოცემის ავტორი ულრიკ ჰააგერუპი უძღვება.

ონლაინ სემინარის შემდეგ, სექტემბერში საზოგადოებრივ მაუწყებელში ულრიკ ჰააგერუპი ორდღიან ვორქშოპს გამართავს. პროექტის ფარგლებში კი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები გადამზადების კურსს დანიაში, ორჰუსის საერთაშორისო უნივერსიტეტში ეტაპობრივად გაივლიან.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი აცხადებს, რომ კონსტრუქციული ახალი ამბები სრულიად ახალი მიდგომაა, რომელსაც საქართველოს პირველი არხი გამოიყენებს.

„დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, რადგან დავიწყეთ დიდი პროექტი, რასაც ჰქვია კონსტრუქციული ჟურნალისტიკა. დღევანდელ სესიაზე ვიმსჯელეთ იმაზე, რომ ყველას უნდა პროგრესი, მაგრამ არავის უნდა ცვლილება. სწორედ ამ ცვლილებას უკავშირდება დღევანდელი კურსი და ზოგადად, საზოგადოებრივ მაუწყებელში ისეთი ჟურნალისტიკის დანერგვა, რომელსაც მთელი მსოფლიო ირჩევს, ეს არის აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომა და ვფიქრობ, რომ ძალიან სწორ გზაზე ვდგავართ“, – აცხადებს თინათინ ბერძენიშვილი.