თინათინ ბერძენიშვილი საერთაშორისო ვებინარების სერიის „გენდერული თანასწორობა და ქალთა გაძლიერება“ ტრენერია
პირველი არხის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი იტალიის საზოგადოებრივი მაუწყებლის, „რაის“ და აფრიკის მაუწყებელთა კავშირის (AUB) მიერ ერთობლივად ორგანიზებული საერთაშორისო ვებინარების სერიის „გენდერული თანასწორობა და ქალთა გაძლიერება“ ტრენერია.
ვებინარების სერიის მიზანია ევროპის, აზიისა და აფრიკის მაუწყებლებისგან გენდერული თანასწორობის და ქალთა გაძლიერების მრავალფეროვანი პერსპექტივებისა და პრაქტიკის გაზიარება. ტრენინგებს უძღვებიან იტალიის, ესპანეთის, დიდი ბრიტანეთის, დანიისა და ავსტრალიის საზოგადოებრივი მაუწყებლების ლიდერები და ექსპერტები.
„ვფიქრობ, ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა. ჩვენთვის, როგორც ევროპის მაუწყებელთა კავშირის წევრებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია იმ გამოცდილებისა და კარგი პრაქტიკის გაზიარება, რაც ჩვენი ორგანიზაციებისთვის ერთობლივად შევიმუშავეთ და დღეს წარმატებულ მექანიზმებად ვთვლით“, – განაცხადა პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა.
ტრენინგს ესწრებოდნენ აფრიკულ მაუწყებელთა კავშირის წევრი მაუწყებლების ჟურნალისტები, რედაქტორები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.
ვებინარის ფარგლებში გაანალიზებული იყო მედიასექტორში გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად არსებული საერთაშორისო სამართლებრივი ჩარჩო, საზოგადოებრივ მაუწყებლებში ქალების წარმომადგენლობის გაუმჯობესება და გენდერული თანასწორობის გაძლიერების პოლიტიკა. ღონისძიება „რაის“ ვებგვერდზე პირდაპირ რეჟიმში გადაიცემოდა და დაინტერესებული ჟურნალისტებისთვის იყო ხელმისაწვდომი.