თინათინ ბერძენიშვილი - როდესაც საქართველოს პირველი არხის მაყურებელი ბავშვს ეკრანთან დატოვებს, მას შეუძლია, აბსოლუტურად მშვიდად იყოს
ჩვენი სტრატეგიაა უსაფრთხო მედია სივრცე, უსაფრთხო მედია – საქართველოს პირველი არხი, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის მოადგილემ, თინათინ ბერძენიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„როდესაც საქართველოს პირველი არხის მაყურებელი პატარა ბავშვს ეკრანთან დატოვებს, ის შეიძლება, აბსოლუტურად მშვიდად იყოს როგორც პოლიტიკურ ნაწილში, ასევე საბავშვო, თუ ნებისმიერ კონტენტში, დრამა, სერიალი და ა.შ. ახლა, ძალიან ამაყი ვარ, რადგან პირველი იანვრიდან შეგვეძლება თქმა, რომ გემბლინგის და თამაშის თვალსაზრისითაც უსაფრთხო იქნება. ეს არ არის ერთი დღის გადაწყვეტილება. თუმცა, ცხადია, რამდენიმე ფაქტორის პროვოცირება იყო და ეს გადაწყვეტილება ვფიქრობ, არხისთვის გარდამტეხი იქნება“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.
ამ განცხადებით საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის მოადგილემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რამდენად წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება სათამაშო ბიზნესის რეკლამის შეზღუდვა.
როგორც თინათინ ბერძენიშვილმა აღნიშნა, სულ ახლახან, გამოქვეყნდა მაკენზის ძალიან ცნობილი კვლევა, როგორ ეფექტს ახდენს რეკლამა მოზარდზე, მოწყვლად ჯგუფებზე და აღმოჩნდა, რომ მდგომარეობა კატასტროფულია.
„მართალია, ეს კვლევა სხვა ქვეყანაში ჩატარდა, მაგრამ ბავშვის ფსიქოტიპი დაახლოებით, ყველგან ერთნაირია და რაღაცას ველოსიპედის გამოგონება არ უნდა ხოლმე. მგონია, რომ ახლა, მოქმედება უფრო მნიშნველოვანია, ვიდრე დისკუსია“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.
მისი თქმით, მაგალითად, „მსოფლიო რაგბის კავშირი“ კრძალავს ბეთებთან ასოცირებას და ასევე, მსოფლიოში ძალიან ბევრმა სპორტის სახეობამ თქვა უარი ბეთებთან ასოცირებაზე, რაც ძალიან კარგია.
„ეს უნდა გახდეს სოციალური პასუხისმგებლობა. თუ ამ საკითხს ყველა მოქალაქე და ორგანიზაცია უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდებით, ეს არ იქნება ლირიკა და უბრალოდ, სიტყვები, საბოლოო ჯამში, კანონთან ერთად შედეგს მივაღწევთ“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.
ბერძენიშვილმა ასევე განაცხადა, რომ თითოეულმა მოქალაქემ თავის სფეროში, თავის მინდორზე თუ ბაღში უნდა დაიწყოს ამაზე საუბარი და ამ შემთხვევაში, ეს ვირუსული გახდება.
„მაინც მგონია, რომ ჩვენ ბევრი რამ გადავლახეთ; როგორც საზოგადოება, გავიზარდეთ და ამასაც შევძლებთ“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.
როგორც საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის მოადგილემ აღნიშნა, საქართველოს პირველი არხის განცხადებას, რომ ის უარს აცხადებს აზარტული თამაშების რეკლამის ეთერში განთავსებაზე, ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რაც ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.
„საქართველოს პირველ არხს იშვიათად შეუძლია ადამიანების გაერთიანება და ჩვენი პოზიტიური ნაბიჯი ხშირად, ნეგატივში გადადის ხოლმე. იმდენად დიდი გამოხმაურება მოჰყვა ჩვენს ამ განცხადებას, რომელიც როგორც ვთქვი, ბევრ რამეს ეფუძნებოდა, აბსოლუტურად გააზრებული და დიდი ხნის ნაფიქრალი იყო, რომ რაკი პირველ არხზე ერი ასე გაერთიანდა, სტატისტიკას რომ გადავხედოთ, პოზიტივს მაძლევს ის, რომ ეს განწყობა არის და საზოგადოების განწყობის ასახვა ჩვენ შეგვიძლია“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.