თინათინ ბერძენიშვილი - პირველი არხის ახალი შენობა არ იქნება მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის სიკეთე, არამედ იქნება ნებისმიერი კრეატიული ინდუსტრიის ხელშეწყობის ნაწილი
ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენერალურმა დირექტორმა, ნოელ კურანმა, საქართველოს პირველი არხის გენერალურ დირექტორთან, თინათინ ბერძენიშვილთან და სამეურვეო საბჭოს დირექტორთან, ვასილ მაღლაფერიძესთან ერთად, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე პირველი არხის ახალი შენობა დაათვალიერა.
როგორც საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა განაცხადა, საქართველოს პირველი არხის ახალი შენობა არ არის მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის სიკეთე.
„დღეს დავათვალიერეთ შენობა, რომელშიც სულ მალე გადმოვალთ. ვფიქრობ, ტელევიზიის ნებისმიერი მოყვარულისთვის და, მით უფრო, ევროპის მაუწყებელთა კავშირის ხელმძღვანელისთვის, გაათმაგებულად მნიშვნელოვანია ის ინფრასტრუქტურა, რომელშიც ჩვენ გადმოვდივართ. ვისაუბრეთ, რომ ეს არის შინაარსის ნაწილი, ეს არ არის მხოლოდ ლამაზი შენობა, არამედ არის ის საჭიროება, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის უპირველესია, რადგან ძველ, თუმცა ისტორიულ შენობაში შრომითი უსაფრთხოების ნაწილიც არ არის უკვე დაცული. ასევე, ვისაუბრეთ ახალი ამბების ძალიან გახსნილ სივრცეზე, ახალ სტუდიებზე, რომლებიც იქნება უნიკალური ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არ იქნება მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის სიკეთე, არამედ იქნება ნებისმიერი ასეთი კრეატიული ინდუსტრიისთვის ხელშეწყობის ნაწილი, რადგან მათ ექნებათ საშუალება, რომ შემოვიდნენ სტუდიებში, იმუშაონ და ჩვენს მაყურებელს აჩუქონ არაჩვეულებრივი ქართული კონტენტი“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ევროპის მაუწყებელთა კავშირის 2023 წლის ახალი ამბების ასამბლეას მასპინძლობს.