თინათინ ბერძენიშვილი - მაშინებს ის, რომ ბოლო პერიოდში ძალადობა მედიასაშუალებებზე გახდა ერთგვარი ნორმა, კიდევ უფრო მაშინებს, რომ არც ერთი საქმე არ არის გამოძიებული და დამნაშავე დასჯილი
არ მეგულება ადამიანი, ვინც შეიძლება ძალადობა გაამართლოს, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა, რა დროსაც საქართველოს პირველი არხის ოპერატორი ილია თვალიაშვილი და მედიის სხვა წარმომადგენლები დაშავდნენ.
თინათინ ბერძენიშვილმა დღეს დაშავებულ მედიის წარმომადგენლებს სოლიდარობა გამოუცხადა.
„მაშინებს ის, რომ ამ ბოლო პერიოდში ძალადობა მედიასაშუალებებზე გახდა ერთგვარი ნორმა და კიდევ უფრო მაშინებს ის, რომ არც ერთი საქმე არ არის გამოძიებული და დამნაშავე დასჯილი.
რაც შეეხება დღევანდელ დღეს, საკმაოდ ბევრი მედიასაშუალება დაზარალდა, ჟურნალისტები, ოპერატორები, და ყველას სოლიდარობას ვუცხადებ. ჩვენმა ოპერატორმა თავის ტრავმა მიიღო და თვალი დაუზიანდა. ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმაშია.
ვფიქრობ, რომ რაღაც წითელ ზღვარს და ნიშნულს მიაღწია ამ ყველაფერმა და ერთად, როგორც საზოგადოებამ, უნდა ვიზრუნოთ გამოსავალზე, რადგან ვფიქრობ, რომ პროფესიული საქმიანობის შევიწროება და ხელის შეშლა პირდაპირპროპორციულია ჩვენი საზოგადოების. ამიტომ სხვა გამოსავალი დღეს არ გვაქვს“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.
შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები აქციას დილიდან მართავენ. აქციის მონაწილეები მედიის წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ, რა დროსაც საქართველოს პირველი არხის ოპერატორი ილია თვალიაშვილი დაშავდა. ასევე დაშავდნენ მედიის სხვა წარმომადგენლები. შსს-მ რუსთაველის გამზირზე ჟურნალისტების მიმართ ძალადობრივ ქმედებებსა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო.
ამასთან, მოგვიანებით „თბილისი პრაიდმა“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ღირსების მარში დღეს აღარ ჩატარდება.