თინათინ ბერძენიშვილი - მარიამ ბიგვავამ საბავშვო ევროვიზიაზე ბევრ კარგ შემსრულებელს სათანადო კონკურენცია გაუწია, მესამე საპრიზო ადგილი ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებაა
თინათინ ბერძენიშვილი - მარიამ ბიგვავამ საბავშვო ევროვიზიაზე ბევრ კარგ შემსრულებელს სათანადო კონკურენცია გაუწია, მესამე საპრიზო ადგილი ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებაა

მარიამ ბიგვავამ საბავშვო ევროვიზიაზე ბევრ კარგ შემსრულებელს სათანადო კონკურენცია გაუწია, მესამე საპრიზო ადგილი ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებაა, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა განაცხადა.

„ძალიან ემოციურია ეს დახვედრა მარიამისთვის. რაც მთავარია, ჩვენი „რანინელები“ აქ არიან. ამ ბავშვებმა ერთგვარი კომუნა შექმნეს თანამედროვე ქართული სიმღერის, ხარისხიანი მუსიკის, და ის სიყვარული, რომელიც მათ აერთიანებთ, არის ძალიან ამაღელვებელი. ძალიან ამაყნი ვართ ჩვენი დელეგაციით საბავშვო ევროვიზიაზე, ჩვენი მუსიკალური ნომრით.

ბევრი საუბარია, დაიჩაგრა თუ არა საქართველო. რა თქმა უნდა, ამაზე შეგვიძლია, ვისაუბროთ, თუმცა მესამე საპრიზო ადგილი არის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება. მარიამ ბიგვავამ კონკურსზე ძალიან ბევრ კარგ შემსრულებელს და ბევრ კარგ ნომერს სათანადო კონკურენცია გაუწია. კმაყოფილები და ბედნიერები ვართ, ეს იყო ნამდვილად ძალიან კარგი სანახაობა. რა თქმა უნდა, ყოველთვის გვინდა მოგება, რაც შეგვიძლია კიდეც. თუმცა, სიმართლე გითხრათ, მესამე ადგილი ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელი. მადლობა ჩვენს მაყურებელს და ყველა პირველარხელს მხარდაჭერისთვის“,- განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

საბავშვო ევროვიზია 2022-ის ქართველი მონაწილე მარიამ ბიგვავა, საქართველოს დელეგაციასთან ერთად, სომხეთიდან დაბრუნდა. საქართველოს პირველი არხის შენობასთან მარიამ ბიგვავას პროექტ „რანინას“ მონაწილეები და ტელევიზიის თანამშრომლები დახვდნენ და მესამე საპრიზო ადგილზე გასვლა მიულოცეს.

საქართველოს წარმომადგენელი მარიამ ბიგვავა საბავშვო ევროვიზია 2022-ის კონკურსზე მესამე ადგილზე გავიდა. ევროვიზიის გამარჯვებული საფრანგეთის წარმომადგენელი გახდა.