თინათინ ბერძენიშვილი - კელი დეგნანთან შეხვედრაზე ბევრი ვისაუბრეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის როლზე, იმ მაღალ სტანდარტებზე, რომლებსაც მაუწყებელი ქმნის და განავითარებს
ბევრი ვისაუბრეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის, როგორც დემოკრატიის ქვაკუთხედის როლზე ქვეყანაში, ჟურნალისტიკის თავისუფლებაზე და იმ მაღალ სტანდარტებზე, რომლებსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ქმნის და განავითარებს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, კელი დეგნანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, კელი დეგნანის სტუმრობა პროფესიონალური თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი იყო.
„ასევე, მოხარულები ვიყავით, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებმა უმასპინძლეს ქალბატონ ელჩს. ძალიან ბევრი ვისაუბრეთ, პირველ რიგში, საზოგადოებრივი მაუწყებლის, როგორც დემოკრატიის ქვაკუთხედის როლზე ქვეყანაში, ჟურნალისტიკის თავისუფლებაზე და იმ მაღალ სტანდარტებზე, რომლებსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ქმნის და განავითარებს ქვეყანაში. ასევე, ვისაუბრეთ ზოგადად მედიაგარემოზე და ჩვენს ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორულ ურთიერთობებზე, რომლებიც ერთგვარად გარანტია იქნება ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებისა და იმ დემოკრატიული ღირებულებების იმპლემენტაციის, რომელიც ჩვენ, როგორც ქვეყანას, გვინდა“, – აღნიშნა თინათინ ბერძენიშვილმა.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი საქართველოს პირველ არხს დღეს ესტუმრა. კელი დეგნანი ინტეგრირებულ ნიუსრუმში ჟურნალისტებს გაესაუბრა და მადლობა გადაუხადა სამუშაოს კარგად შესრულებისთვის. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოს პირველი არხის გენერალურ დირექტორს, თინათინ ბერძენიშვილს შეხვდა და მაუწყებლის სტუდიები დაათვალიერა.