თინათინ ბერძენიშვილი - გვინდა, ეროვნულ და რელიგიურ უმცირესობათა წარმომადგენლებთან გაფორმებული მემორანდუმი სამოქმედო გეგმის შესრულებაში გადაიზარდოს, რასაც ჩვენი ახალი ვებგვერდიც პასუხობს
თინათინ ბერძენიშვილი - გვინდა, ეროვნულ და რელიგიურ უმცირესობათა წარმომადგენლებთან გაფორმებული მემორანდუმი სამოქმედო გეგმის შესრულებაში გადაიზარდოს, რასაც ჩვენი ახალი ვებგვერდიც პასუხობს

არ გვინდა, პირველ არხსა და ეროვნულ და რელიგიურ უმცირესობათა წარმომადგენლებს შორის შემდგარი თანამშრომლობის დღევანდელი მემორანდუმი კვლავ ფიქცია იყოს. გვინდა, რომ ეს დოკუმენტი სამოქმედო გეგმის შესრულებაში გადაიზარდოს, რასაც ჩვენი ახალი ვებგვერდიც პასუხობს, რომელიც შვიდენოვანია, – ამის შესახებ პირველი არხის მედიისა და კომუნიკაციის ბლოკის დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„საზოგადოებრივი მაუწყებელი გადავიდა ფაზაში, როცა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ცალკე უმრავლესობისთვის და ცალკე უმცირესობისთვის რაღაცის კეთება არასწორი და არაეფექტურია. მიდგომა, რომ მოდით, თქვენ ამ გადაცემას უყურეთ, რადგან ეს ეთნიკური უმცირესობისთვის არის, ამას კი, არ უყუროთ, რადგან ეს უმრავლესობისთვისაა, დისკრიმინაციულადაც კი გვეჩვენება. მიგვაჩნია, რომ ეს სტრატეგია რადიკალურად უნდა შეიცვალოს“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მალე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ახალი წამყვანები გამოჩნდებიან და ასევე გაკეთდება ინტერნეტ რადიო პორტალი, რომელიც ეთერში ექსპერიმენტული სახით ჩაეშვება.

„ვიცით, მაგალითად, როგორი წამყვანები ჰყავს BBC-ის. როგორ აფიქსირებენ ისინი თავიანთ დამოკიდებულებას რელიგიური, ეთნიკური, გენდერული თუ სხვა სახის უმცირესობების მიმართ. ჩვენ სწორედ აქეთ მივდივართ. აქტიურად დავიწყეთ წამყვანების შერჩევა და მალე, ეს ადამიანები ჩვენს ეთერში გამოჩნდებიან. აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე, უფრო ახალგაზრდული სეგმენტისთვის ძალიან მალე ინტერნეტ რადიო პორტალი გაკეთდება, რაც სულ რაღაც ერთ თვეში ეთერში ექსპერიმენტული სახით ჩაეშვება. სერიალებით, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი გეგმავს, შევქმნით პროდუქტს, რომელიც ყველასთვის იქნება. ყველანი ერთად შევქმნით პროდუქტს, რომელიც ხაზგასმულად, რომელიმე უმცირესობისთვის ან უმრავლესობისთვის არ იქნება“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, 16 ნოემბერს საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელსა და საქართველოს ეროვნული და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის თანახმად, მხარეები თანხმდებიან ხანგრძლივ თანამშრომლობაზე და მიზნად ისახავენ თავისუფალი, დემოკრატიული, თანასწორუფლებიანი, სამართლებრივი სახელმწიფოსა და საზოგადოების ჩამოყალიბებაში საქართველოს ეროვნული და რელიგიური უმცირესობების აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობას.