თინათინ ბერძენიშვილი - ღონისძიება, რომელიც დღეს ბათუმში იმართება, არის სეზონის შემაჯამებელიც და მომავალი სატელევიზიო ეთერის ერთგვარი ანონსი
„მთელი ზაფხული ერთ დღეში“ – დიდი საბავშვო ფესტივალი პირველი არხისგან ბათუმში. უამინდობის გამო, ღონისძიებების ჩატარების ადგილი შეიცვალა, საღამოს, 20:00 საათზე კონცერტი ბულვარის ნაცვლად, ბათუმის საზაფხულო თეატრში გაიმართება.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილის თქმით, წვიმის გამო გეგმები შეიცვალა, თუმცა განწყობა უცვლელია. იმართება „წიგნების თაროს“ წიგნების კითხვის რიგით მეორე ფესტივალი, ცოტა ხანში კი, დაიწყება ღონისძიების კულმინაცია – „რანინელების“ კონცერტი.
„გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, „წიგნების თარომ“ შექმნა ძალიან დიდი მიმდინარეობა და უფრო მეტად შეაყვარა ბავშვებს, მოზარდებს წიგნების კითხვა – გვაქვს ამის ამბიცია. ყოველწლიურად ვხედავთ, რომ არაერთი სკოლა, ასევე გვაქვს სტუდენტური წიგნების თაროც, ათასობით და ათიათასობით მოზარდი მონაწილეობს პროექტში. საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება შემეცნება და განათლებაა, ვფიქრობ, ეს ზუსტად ჩვენი ფორმატია. უკვე 36 ახალგაზრდა გაემგზავრა კემბრიჯში სასწავლებლად, 27 ემზადება წასასვლელად. ამ პროექტზე საუბარი ძალიან დიდხანს შეიძლება. ასევეა „რანინა“ – ეს არ არის მხოლოდ მუსიკალური პროექტი, ეს არის გემოვნების ჩამოყალიბების, პატრიოტიზმის, საკუთარი ქვეყნის სიყვარულის სიმღერაში გამოხატვის ფორმა და ვფიქრობ, ამაშიც მაყურებელი დარწმუნდა, რადგან ჰყავს ძალიან ბევრი მიმდევარი და გულშემატკივარი“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.
თინათინ ბერძენიშვილის თქმით, ღონისძიება, რომელიც დღეს ბათუმში იმართება, არის სეზონის შემაჯამებელიც და მომავალი სატელევიზიო ეთერის ერთგვარი ანონსი. მისი თქმით, სექტემბრიდან მართლაც დაუვიწყარი ეთერი ელოდება მაყურებელს, ცხელი სპორტული ღონისძიებებით, შემეცნებითი ზოლით, ქართული ეროვნული პროდუქტითა და სხვა უამრავი სიახლით.