თინათინ ბერძენიშვილი - ჩვენთან არიან საერთაშორისო პარტნიორები, ვფიქრობ, მათთვის ეს პროექტი ერთგვარი საიმიჯო მოდელია რეგიონსა და ალბათ მსოფლიოშიც, კომუნიკაციის სფეროში მსგავსი სირთულის პროექტი ქვეყანაში 60-იანი წლების შემდეგ პირველად განხორციელდა
პირველი არხის ახალი შენობის ინფრასტრუქტურა აერთიანებს მართვის რამდენიმე ავტომატიზებულ სისტემას, რაც, თავის მხრივ, სატელევიზიო, რადიო და ონლაინ მედიით ყველაზე სწრაფი მაუწყებლობის საშუალებას იძლევა, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა პირველი არხის ახალი შენობის გახსნაზე განაცხადა.
„ჩვენთვის დიდი პატივია, გიმასპინძლოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის საზეიმო გახსნაზე. დღეს ჩვენ, ყველანი, ისტორიის ნაწილი ვხდებით, ეს ისტორია კი 1925 წელს რადიომიმღებიდან გაგონილი ხმით დაიწყო, რაც 1956 წელს თბილისის ანძის პატარა ოთახიდან გამოსახულებით გაგრძელდა და უკვე 100 წელია, ჩვენი ქვეყნის თოთოეული მოქალაქის ყოველდღიურობის ნაწილია“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.
მისივე თქმით, პირველი არხის ახალი შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა 2020 წლის 30 დეკემბერს, პირველი ტელევიზიის დაბადების დღეს ჩაიდო.
„მინდა, სიამაყით ვთქვა, რომ ქალაქს შეემატა ახალი, თანამედროვე არქიტექტურის ეკო, მწვანე პროექტი, რომელიც ახალგაზრდა ქართველი არქიტექტორების გუნდის მიერ დაპროექტდა და საზოგადოების მიერ საჯაროდ შეირჩა.
მინდა, ხაზი გავუსვა, რომ მშენებლობის კომპლექსური პროცესი, ჩვენთან ერთად, 36-მა ადგილობრივმა, ქართულმა, ეროვნულმა კომპანიამ წარმართა, რაც ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების მაღალ კომპეტენციაზე მეტყველებს. საამაყოა, რომ ამ ოთხი წლის განმავლობაში, ახალი ტელევიზიის მშენებლობის გზაზე საზოგადოების თითოეულმა წევრმა, საჯარო თუ კერძო სექტორმა, უპირობო მხარდაჭერა გამოგვიცხადა და ვფიქრობ, სწორედ ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებლის მნიშვნელობის საზომი დღეს, აქ და ახლა“, – აღნიშნა თინათინ ბერძენიშვილმა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ არსებულ პროექტს გავლილი აქვს წამყვანი ევროპული კომპანიების საინჟინრო ექსპერტიზა.
„თავად შენობის ინფრასტრუქტურა აერთიანებს მართვის რამდენიმე ავტომატიზებულ სისტემას, რაც, თავის მხრივ, სატელევიზიო, რადიო და ონლაინ მედიით ყველაზე სწრაფი მაუწყებლობის საშუალებას იძლევა. დღეს ჩვენთან ერთად არიან ჩვენი საერთაშორისო მეგობრები, პარტნიორები. ვფიქრობ, თითოეული მათგანისთვის ეს პროექტი ერთგვარი საიმიჯო მოდელია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ, ვიტყოდი, მსოფლიოშიც“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.
მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ კომუნიკაციის სფეროში მსგავსი სირთულის ტექნოლოგიური პროექტი ქვეყანაში 60-იანი წლების შემდეგ პირველად განხორციელდა.
„ეს არ არის მხოლოდ ტელევიზია, ეს არის მულტიმედიური ცენტრი, რომელიც აერთიანებს მედიამაუწყებლობას, კინოწარმოებას და ხელს უწყობს ციფრული სივრცეების განვითარებას. ხუთი სტუდიის ჯამური ფართობი 5000 კვადრატულ მეტრზე მეტია. შენობის საერთო ჯამი არის 26 000 კვადრატული მეტრი, რაც, ვფიქრობ, ნამდვილად გრანდიოზულია. გარდა ტექნოლოგიური ინოვაციისა, ახალი შენობა, თავისი არსით, თანამედროვე მედიის ეკოსისტემაა, რომელიც მთელ საზოგადოებას და მის თითოეულ წევრს მოემსახურება“, – აღნიშნა თინათინ ბერძენიშვილმა.
როგორც პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, უმნიშვნელოვანესია, რომ გადასვლის პროცესი დაიწყო უწყვეტი ეთერის შენარჩუნებით.
„ეს გამოცდილება უნიკალურია არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. მინდა, ხაზი გავუსვა პირველი არხის თანამშრომლების ჩართულობას, რომლებიც პირველივე დღიდან აცნობიერებენ ამ ინფრასტრუქტურის მნიშვნელობას, მოთმინებით გაიარეს ოთხი ურთულესი წელი და ახლაც მაღალი პროფესიონალიზმით აგრძელებენ მუშაობას ორმაგი დატვირთვით, რათა ემსახურონ ქვეყანას და საზოგადოებას.
სულ მალე საქართველოში პირველი მაუწყებლობიდან 100 წელი შესრულდება, ამ დროისთვის საზოგადოებრივი მაუწყებელი უკვე იქნება ქვეყნის მთავარი მედიაჰაბი უახლესი ტექნიკითა და ტექნოლოგიით. ახალ შენობაში ვხვდებით საქართველოში მაუწყებლობის 100 წლის იუბილეს. გვჯერა, გაგრძელება იქნება“, – დასძინა თინათინ ბერძენიშვილმა.
საქართველოს პირველ არხს ახალი შენობა აქვს, რომელიც პოლიტკოვსკაიას 31 ნომერში მდებარეობს. მშენებლობის პროცესი დასრულდა და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობა საზეიმო ვითარებაში დღეს ოფიციალურად გაიხსნა.