თინათინ ბერძენიშვილი - ჩვენი სურვილია, დებატები იყოს კონსტრუქციული, საინტერესო და მაყურებლისთვის გასაგები
თინათინ ბერძენიშვილი - ჩვენი სურვილია, დებატები იყოს კონსტრუქციული, საინტერესო და მაყურებლისთვის გასაგები

პირველი არხი მაყურებელს წინასაარჩევნო ციებ-ცხელებას ხვალიდან შესთავაზებს, – ამის შესახებ პირველი არხის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თინათინ ბერძენიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ სტუმრობისას განაცხადა.

„სხვა შეთავაზებებთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი შეთავაზება, რომლის მიხედვითაც, თუ ერთი პარტიის კანდიდატი მეორე პარტიის კანდიდატის დებატებში გამოწვევას გადაწყვეტს და მოწინააღმდეგე პარტიისგან დასტურს მიიღებს, მათ საზოგადოებრივი მაუწყებელი ეთერს დაუთმობს“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

როგორც თინათინ ბერძენიშვილმა აღნიშნა, კვალიფიციურ კანდიდატს შეუძლია, დებატებში არაკვალიფიციური კანდიდატი გამოიწვიოს და პირიქით.

„ჩვენ მზად ვართ, კანდიდატებს ვუმასპინძლოთ. პრინციპში, ჩვენი შეთავაზება ადრესატამდე ძალიან სწორად მივიდა და დებატებში მონაწილეობის მსურველთა რამდენიმე განცხადება უკვე გვიდევს“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, არის თუ არა შეზღუდვა რაოდენობაზე, რადგან შესაძლოა, ამა თუ იმ პარტიის კანდიდატმა ხუთი ან მეტი პარტიის კანდიდატთან მოითხოვოს დებატები, თინათინ ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ შესაძლოა, ყველაზე საინტერესო იყოს ორ კანდიდატს შორის სატელევიზიო დებატები, რადგან მაყურებელს საშუალება ექნება, ორი საპირისპირო აზრი მოისმინოს, თუმცა, შეიძლება, დებატები სამ, ან ოთხ კანდიდატს შორისაც შედგეს.

„ჩვენ ამაზე ვისაუბრებთ და თავად კანდიდატებთან შევჯერდებით. ხვალ თითოეულ კანდიდატს ჩვენ მიერ შეთავაზებული ფორმატი გადაეგზავნება და უკვე პარასკევს კვალიფიციურ სუბიექტებთან ვაპირებთ შეხვედრას, რათა ფორმატის განხილვა დავიწყოთ. ჩვენ მათ მოსაზრებებსაც მოვისმენთ, როგორი შეიძლება იყოს დებატები, რადგან გვსურს, თან კონსტრუქციული იყოს და თან საინტერესო, მაყურებლისთვის გასაგები. ჩვენი სურვილია, ეს ნამდვილად საინტერესო დებატი იყოს და არა ფორმალობა“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

პირველი არხის გენერალური დირექტორის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, კანდიდატებს იცნობდნენ და იცოდნენ, რას სთავაზობენ ისინი ამომრჩეველს.

პირველი არხი მზად არის, საეთერო დრო ყველა საპრეზიდენტო კანდიდატს დაუთმოს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 28 ოქტომბრამდე ტრადიციული ფორმატის სამი დებატი გაიმართება.

ხვალიდან 25 ოქტომბრამდე „მოამბის“ მთავარ გამოშვებაში თითოეულ კანდიდატს საშუალება ეძლევა, ამომრჩევლებს 10-10 წუთის განმავლობაში საკუთარი ხედვა გააცნოს.