თინათინ ბერძენიშვილი - ჩვენ იმით განვსხვავდებით ყველასგან, რომ არ გვაქვს პოლიტიკური, კომერციული ინტერესები, ერთადერთი ინტერესი, რომელიც გაგვაჩნია, არის მაყურებელი, თითოეული თქვენგანი
თინათინ ბერძენიშვილი - ჩვენ იმით განვსხვავდებით ყველასგან, რომ არ გვაქვს პოლიტიკური, კომერციული ინტერესები, ერთადერთი ინტერესი, რომელიც გაგვაჩნია, არის მაყურებელი, თითოეული თქვენგანი

ჩვენ იმით განვსხვავდებით ყველასგან, რომ არ გვაქვს პოლიტიკური, კომერციული ინტერესები, ერთადერთი ინტერესი, რომელიც გაგვაჩნია, ეს არის მაყურებელი, თითოეული თქვენგანი, ყოველთვის, როდესაც ვსაუბრობთ მათთან, ვინც ქმნის შინაარსს, ვამბობთ, რომ ჩვენი ამოსავალია, რა საჭიროებას მოუტანს ეს კონტენტი მაყურებელს და მგონია, რომ ეს კარგად გამოჩნდა უსაფრთხო მედიის კონცეფციით, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა განაცხადა.

თინათინ ბერძენიშვილის თქმით, დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელი ასრულებს უსაფრთხო მედიის როლს.

„ჩვენ ახლა ვსაუბრობთ არა აღშფოთებით და შეშფოთებით, არამედ კონსტრუქციულად იმაზე, რაც არის რეალობა, ვთვლით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, მაყურებელს ესმოდეს, რაზე ვსაუბრობთ, არ გადავდივართ ფინანსურ ცვლადებზე, მაკროეკონომიკაზე, ეს ცვლილება რას გამოიწვევს. შეიარაღებული ვართ ყველა ევროპული კანონმდებლობით, რომელიც საზეპიროებით ვიცით, თუმცა დღევანდელი ეთერის მნიშვნელობა ის არის, რომ მაყურებელს გავაგებინოთ, ჩვენ რა გვინდა. ეს არ არის ფინანსურ რესურსზე წუწუნი, რადგან საზოგადოებრივ მაუწყებელს ძალიან კარგად შეუძლია მუშაობა ექსტრემალურ სიტუაციაშიც კი. ყველა ჩვენს თანამშრომელს ვუხდი მადლობას, რომ სწორედ მართვის ამ მოდელით შევძელით, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე, როგორც არასდროს, მაღალი ხარისხის საუკეთესო გადაცემებია, როგორც ტელევიზიით, ისე რადიოთი. ასევე ონლაინმედიაში მართლაც ინოვაციური პროექტები გვაქვს, რაც, დარწმუნებული ვარ, ჩვენმა მომხმარებელმა კარგად იცის, რადგან, მაგალითად, ერთი თვის სტატისტიკით სამ მილიონამდე ვიზიტორი გვყავს ახალ ვებპლატფორმაზე, რაც ინდიკატორია, თუმცა არ შევდივარ იმ კომერციულ ცვლადებში, რომლებიც წარმოდგენილია ე.წ. რეიტინგში. ჩვენ იმით განვსხვავდებით ყველასგან, რომ არ გვაქვს პოლიტიკური, კომერციული ინტერესები. ერთადერთი ინტერესი, რომელიც გაგვაჩნია, ეს არის მაყურებელი, თითოეული თქვენგანი. ყოველთვის, როდესაც ვსაუბრობთ მათთან, ვინც ქმნის შინაარსს, ვამბობთ, რომ ჩვენი ამოსავალია, რა საჭიროებას მოუტანს ეს კონტენტი მაყურებელს და მგონია, რომ ეს კარგად გამოჩნდა უსაფრთხო მედიის კონცეფციით. ნამდვილად საშიში გახდა მედია მთელ მსოფლიოში, მხოლოდ საქართველო არ არის გამონაკლისი და, დიახ, ჩვენ ვასრულებთ უსაფრთხო მედიის როლს, რის გამოც უნდა ვიამაყოთ. მგონია, რომ დაფინანსებაზე კი არა, მოდელზე, წესზე და პრინციპზე ვთანხმდებით ყველა და ჩვენ გვერდით დგას ჩვენთან დასაქმებული ბევრი ადამიანი, ორგანიზაცია, პარტნიორი და ამ პარტნიორების სია არის საკმაოდ დიდი, რადგან ჩვენ ძალიან კარგი პარტნიორები აღმოვჩნდით“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

„რაც შეეხება ახალ შენობას, ეს არის ჩვენი თანამშრომლების მიერ დაზოგილი თითოეული თეთრით და ყველამ უნდა იცოდეს, აქ არ არის ისეთი ხელფასები, რომ შეგშურდეს, თუმცა ამაზე არ ვსაუბრობთ ისევ და ისევ ჩვენი კულტურიდან გამომდინარე. თითოეული დაზოგილი თეთრი, რომელიც ძალიან მარტივად შეეძლო მენეჯმენტს, სამეურვეო საბჭოს, მიემართა თანამშრომლების ანაზღაურებაში და ალბათ უფრო ბედნიერები იქნებოდნენ ისინი და, შესაძლოა, უფრო კარგი შინაარსიც შეექმნათ, რადგან ეს ორი რამ კორელაციაშია ერთმანეთთან, ჩვენ ჩავდეთ ახალ ინვესტიციაში, რომელიც არის უზარმაზარი, რადგან ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოება არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამ შენობაში კი ეს უსაფრთხოება დაცული არ არის“, – აღნიშნა ბერძენიშვილმა.

„შინაარსი, რასაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ქმნის, ეს არის ნამდვილად მომავალი. ევროპის საბჭოსაც უწერია, რომ გრძელვადიანი დაგეგმვა არის საზოგადოებაში ჩაბრუნებული ინვესტიცია. ამიტომ ვსაუბრობთ მომავალზე და არა დღევანდელ დღეზე. ჩვენზე არ არის აქ საუბარი, საუბარია ხვალინდელ დღეზე და ხვალინდელ საზოგადოებაზე. სხვათა შორის, მომზადებული გვაქვს დოკუმენტაცია, რამდენ ინვესტიციას ვდებთ ეკონომიკაში, ეს ყველაფერი არის რიცხვები, რაც თვალსაჩინოა და ის კონტრიბუცია, რასაც საზოგადოებრივი მაუწყებელი თავისი შინაარსით დებს ეკონომიკაში, ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

„მაუწყებლის ბიუჯეტზე თუ ვსაუბრობთ, ცოტა პოპულისტურია, რადგან როდესაც საუბრობ ასეულობით მილიონზე, ეს შეიძლება, ცუდად მოხვდეს ყურში ადამიანს, რადგან გასათვალისწინებელია სოციალური ფონი, თუმცა იმის უკან რა დგას, ამაზე ალბათ უფრო მეტი უნდა ვისაუბროთ. 64 მაუწყებლის მოდელი გვაქვს, სადაც ერთი რამ საერთოა ყველასთვის, არ არის ფიქსირებული ცვლადი, არამედ ცვლადი არის მზარდი. ჩვენ კი, პირიქით, დაგვიფიქსირეს ეს ცვლადი, რომელიც  იწვევს იმ შეუთანხმებლობას ევროპულ კანონმდებლობასთან, რომელიც აუცილებლად შეგვიქმნის პრობლემას“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

როგორც თინათინ ბერძენიშვილმა აღნიშნა, „მთავარია, ვაჩვენოთ მაყურებელს, რატომ უნდა ვუყვარდეთ და რატომ უნდა ვჭირდებოდეთ“.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ სკეპტიციზმი მარტო ჩვენ ქვეყანაში არ ხდება. კრიტიკა ყველგან არის და ჩვენ სწორედაც კრიტიკის გამძლე ვართ, აბსოლუტურად ვიღებთ ყველაფერს და ვცდილობთ, რომ გამოვასწოროთ. ოღონდ ეს კრიტიკა არის მაყურებლისგან წამოსული, ვითვალისწინებთ მათ აზრს და გამორიცხულია, ეს უკუკავშირი არ დავუბრუნოთ. თუ ყველა ჩვენ წინააღმდეგ არის, ე.ი. ნიშნავს, რომ რაღაცას სწორად ვაკეთებთ, მე ასე მგონია, ამ შემთხვევაში მაყურებელს არ ვგულისხმობ. ამიტომ მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი იმ მხრივ, რომ შევძლებთ ჩვენი ხმის სწორად მიტანას. მსგავსი  დისკუსია, ვფიქრობ, ხშირად უნდა იყოს, რადგან, გვაჩვენა მოცემულობამ, რომ საკუთარ თავზე საუბარი ხანდახან საჭიროა“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.