თინათინ ბერძენიშვილი - 8 ოქტომბრიდან, ისტორიაში პირველად, პირველი არხი რაგბიში ქალთა მსოფლიო თასის მატჩებს შემოგთავაზებთ
8 ოქტომბრიდან საქართველოში პირველად, საზოგადოებრივი მაუწყებელი რაგბიში ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს შემოგთავაზებთ.
„პირველ არხზე სპორტული შემოდგომა გრძელდება და 8 ოქტომბრიდან საქართველოში პირველად, საზოგადოებრივი მაუწყებელი რაგბიში ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს შემოგთავაზებთ, რაც ქალთა სპორტის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა. აღსანიშნავია, რომ ზაფხულში პირველი არხი ფეხბურთში ქალთა ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი მაუწყებელი იყო“, – განაცხადა პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა.
საქართველოში პირველად, რაგბიში ქალთა მსოფლიო თასის გახსნით და პლეი-ოფის მატჩებს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ. აღნიშნული ტურნირი 2022 წელს 8 ოქტომბრიდან 12 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება.
ამასთან, საქართველოს პირველი არხი ექსკლუზიურად შესთავაზებს მაყურებელს 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასს, რომელიც საფრანგეთში გაიმართება. სარაგბო მსოფლიო ჩემპიონატი მეათედ, 2023 წლის 8 სექტემბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით, საფრანგეთის ცხრა ქალაქში, ამდენივე არენაზე გაიმართება. გახსნით და დასკვნით მატჩებს პარიზში „სტად დე ფრანსი“ უმასპინძლებს.