რაგბის მსოფლიო თასი ექსკლუზიურად საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT
რაგბის მსოფლიო თასი ექსკლუზიურად საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT

2023 წლის რაგბის მსოფლიო თასს საქართველოს პირველი არხი ექსკლუზიურად შესთავაზებს მაყურებელს.

„საზოგადოებრივი მაუწყებელი ის ადგილია, სადაც გულშემატკივრებს დიდი სპორტი ელოდებათ. ყველა მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენის ტრანსლირება ჩვენი პრიორიტეტია, ამისთვის 2022 წლის ბოლომდე 5 მილიონამდე ლარის დახარჯვაა დაგეგმილი. სპორტული შემოდგომა გრძელდება და 8 ოქტომბრიდან ისტორიაში პირველად, პირველი არხი რაგბიში ქალთა მსოფლიო თასის მატჩებს უმასპინძლებს, რაც ქალთა სპორტის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“, – განაცხადა პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა.

2023 წლის რაგბის მსოფლიო თასს, რომელიც საფრანგეთში გაიმართება, საქართველოს პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. სარაგბო მსოფლიო ჩემპიონატი მეათედ, 2023 წლის 8 სექტემბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით, საფრანგეთის ცხრა ქალაქში, ამდენივე არენაზე გაიმართება. გახსნით და დასკვნით მატჩებს პარიზში „სტად დე ფრანსი“ უმასპინძლებს.

„მოხარულები ვართ და მივესალმებით საქართველოს პირველ არხს რაგბის მსოფლიო თასის 2023 წლის პარტნიორი მაუწყებლების ოჯახში. ჩვენ ვიცით, რომ ქართველებს განსაკუთრებულად უყვართ რაგბი, ბორჯღალოსნები და რაგბის მსოფლიო თასი. მატჩების ტრანსლირება ქვეყნის მთავარ უფასო პლატფორმაზე გვაძლევს უპრეცედენტო შესაძლებლობას, შთავაგონოთ ბიჭებისა და გოგონების ახალ თაობას ჩაერთონ რაგბიში“, – აცხადებს მსოფლიო რაგბის თავმჯდომარე ბილ ბომონტი.

საქართველოს ნაკრები C ჯგუფში ავსტრალიის, უელსის, ფიჯის და ბოლო საკვალიფიკაციო ტურნირის გამარჯვებულთან ერთად ითამაშებს. მსოფლიო თასზე „ბორჯღალოსნების“ ჯგუფში მოხვედრის შანსი აშშ-ს, კენიას, პორტუგალიასა და ჰონგ კონგს აქვთ.

ქართველმა მორაგბეებმა ტურნირზე თამაშის უფლება „რაგბი ევროპის ჩემპიონატზე“ საკვალიფიკაციო პერიოდში დაფიქსირებული შედეგით მოიპოვეს. „ბორჯღალოსნებმა“ 2021-2022 წლებში ჩემპიონატი პირველ ადგილზე დაასრულეს.

ისტორიაში პირველად საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ ქალთა მსოფლიო თასის გახსნით და პლეი-ოფის მატჩებსაც. აღნიშნული ტურნირი 2022 წელს 8 ოქტომბრიდან 12 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება.

საგულისხმოა, რომ ტურნირი ვილიამ ვებ ელისის მიერ რაგბის „გამოგონების“ 200 წლისთავს ემთხვევა. საფრანგეთი რაგბის მსოფლიო თასს მესამედ მასპინძლობს. მანამდე ქვეყანამ ტურნირის მასპინძლობის უფლება 1991 და 2007 წლებში მიიღო.