თინა ხიდაშელის ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეა“ - ჩვენ არ ვართ საგარეო საქმეთა სამინისტრო, შესაბამისად, არ გამოვხატავთ რომელიმე სახელმწიფოს აღიარების ან არაღიარების შესახებ პოზიციას
თინა ხიდაშელის ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეა“ - ჩვენ არ ვართ საგარეო საქმეთა სამინისტრო, შესაბამისად, არ გამოვხატავთ რომელიმე სახელმწიფოს აღიარების ან არაღიარების შესახებ პოზიციას

თინა ხიდაშელის ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეა“ ტაივანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ორგანიზაცია არ წარმოადგენს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შესაბამისად, არ გამოხატავს რომელიმე სახელმწიფოს აღიარების ან არაღიარების შესახებ პოზიციას.

ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ არც ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეას“ და არც თინა ხიდაშელს ტაივანის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ განცხადება არასდროს გაუკეთებია.

გარდა ამისა, თინა ხიდაშელის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „სამოქალაქო იდეა“ კვლავაც გააგრძელებს ხელისუფლების მხილებას საშიში გარიგებების დადების შემთხვევაში და ამბობენ, რომ „ქართულ ოცნებას“ სხვა იარაღი არ აქვს, გარდა ბინძური კამპანიის წარმოებისა.

„საზოგადოების ინფორმირების მიზნით, დამატებით ვეხმიანებით პარლამენტის სპიკერის წამოწყებულ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ ატაცებულ აბსურდული ბრალდებების სერიალს „სამოქალაქო იდეის“ და პირადად, მისი დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის – თინათინ ხიდაშელის წინააღმდეგ. ჩვენი კომენტარი სპიკერ პაპუაშვილის განცხადებებზე იმავე დღეს მოისმინა დაინტერესებულმა მაყურებელმა, თუმცა ამის შემდეგ ვიხილეთ ოთხდღიანი შეუჩერებელი, აგრესიული შტურმი და ბრალდებებისა და შეურაცხყოფის ღვარცოფი, რომელსაც, შევეცდებით, მეტი ფაქტით და ნაკლები ემოციით გამოვეხმაუროთ.

პირველ რიგში, ცალსახად უნდა აღვნიშნოთ, რომ „სამოქალაქო იდეა“ კვლავაც გააგრძელებს ხელისუფლების მხილებას, რეპუტაციაშელახული, სკანდალებში გახვეული და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ სანქცირებულ კომპანიებთან კორუფციადსაშიში გარიგებების დადების შემთხვევაში. ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ კომპეტენტურ და ფაქტებით გამყარებულ კვლევებს და შევეცდებით საზოგადოების მუდმივ ინფორმირებას. გასაგებია, რომ მტკიცებულებებისა და რეალური არგუმენტების უქონლობის პირობებში „ქართულ ოცნებას“ სხვა იარაღი არ აქვს, გარდა პირდაპირი თავდასხმების, მუქარებისა და ტროლების საშუალებით ბინძური კამპანიის წარმოებისა. თუმცა, ვფიქრობთ, კარგად იციან, რომ მსგავსი მეთოდებით ჩვენი შეშინება ან გაჩუმება შეუძლებელია.

ჩვენი ორგანიზაციის დასახელებაა – „სამოქალაქო იდეა – ინიციატივა დემოკრატიული, ევროატლანტიკური არჩევანისთვის“. შესაბამისად, ყველა პროექტი და მთელი ჩვენი საქმიანობა სწორედ ამ დასახელებაში განცხადებულ მიზანსა და ქართველი ხალხის არჩევანს ემსახურება, კრიტიკულად ვუყურებთ და ვაფასებთ ხელისუფლების ნაბიჯებს, რომელიც დასავლეთიდან დისტანცირებასა და ქვეყნის რუსეთის ორბიტაზე ჩატოვებას ემსახურება.

რას ვამბობთ ჩვენ და რას ამბობს ხელისუფლება:

უკვე 7 წელია, ფაქტებით, კონკრეტული დოკუმენტებით ვამხელთ ხელისუფლების კორუფციადსაშიშ მოქმედებებს და ვამხელთ მათ ტყუილსა და დეზინფორმაციის გავრცელებაში.

ჩინური კომპანიები, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება მრავალმილიონიან კონტრაქტებს უფორმებს, მთელ მსოფლიოში რეპუტაციაშელახულია და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციისა და ჩვენი პარტნიორი ქვეყნების შავ სიებში არიან. ხელისუფლება ამაზე ამბობს, რომ ჩვენ ანტისახელმწიფო საქმიანობით ვართ დაკავებული. არავითარი პასუხი სანქციადადებულ კომპანიებთან კონტრაქტებზე, მხოლოდ იარლიყების მოკერება.

შვიდი წელია, ვაფრთხილებდით ხელისუფლებას, უარი ეთქვა ერთ-ერთ ყველაზე სახელგატეხილ და რეპუტაციაშელახულ კომპანია „სინოჰიდროსთან“ ურთიერთობაზე, ათობით მტკიცებულებაზე დაყრდნობით ვაცნობდით პრობლემებს, რომლებიც სხვა ქვეყნებს შეუქმნეს და ჩვენთანაც იქნებოდა, და ისევ, დასაბუთებული პასუხების ნაცვლად, სულ „მტრები“ გვეძახეს, თუმცა შედეგი ზუსტად ისეთი დადგა, რაზეც ვაფრთხილებდით. 2024 წლის იანვარში ხელშეკრულების გაწყვეტა მოუწიათ „სინოჰიდროსთან“, თუმცა დაგვიანებით და არაკომპეტენტურად. კომპანიამ კი საერთაშორისო არბიტრაჟში გვიჩივლა, რაც უკვე დამატებითი მილიონ-ნახევარი ლარი დაუჯდა ქვეყნის ბიუჯეტს.

ანალოგიური ვითარება გვაქვს კიდევ ერთ კომპანიასთან დაკავშირებით –„ბიურო 23“, რომელმაც გასული წლის ნოემბერში ასევე გვიჩივლა საერთაშორისო არბიტრაჟში. ისევ და ისევ, რომ გაეთვალისწინებინათ ჩვენი რჩევები, დღეს ამ პრობლემებს თავიდან ავიცილებდით, ასევე საბიუჯეტო ხარჯების დამატებით ფლანგვას.

ასევე, ხუთი წელია, რიკოთზე დაქირავებულ, სხვადასხვა კონტრაქტორზე ვაფრთხილებდით, რამდენიმე ანგარიში გამოვაქვეყნეთ, სადაც ამ კომპანიების მიერ სხვადასხვა ქვეყანაში „საქმენი საგმირონი“ აღვწერეთ და დავასაბუთეთ. ვითხოვდით არგუმენტებს, რატომ, რის საფუძველზე გაუჩნდა ხელისუფლებას განცდა, რომ მაინცდამაინც აქ, საქართველოში განახორციელებენ საქმეს კეთილსინდისიერად და პროფესიონალურად, თუკი მათ თითქმის ყველა კონტინენტზე უჩივიან და ედავებიან. არ მოგვისმინეს, კვლავ „მტრები“ და „ანტისახელმწიფოებრივი“ გვეძახეს. შემდეგ დადგა 2023 წელი და ერთმანეთის მიყოლებით ხან მიწა, ხანაც მთა ჩამოგვეშალა სხვადასხვა სამშენებლო უბანზე, მორიგ ჯერზე რამდენიმე ათეული დამატებითი მილიონი დაუჯდა ბიუჯეტს და ახალი ტენდერი გამოცხადდა.

ასეთი მაგალითი რამდენიმე ათეულია. სამწუხაროდ, ყოველ ჯერზე სწორედ ჩვენ აღმოვჩნდით მართალი და ყველა ფაქტი და მტკიცებულება დადასტურდა, რომლითაც ხელისუფლებას მივმართავდით და პოლიტიკის ცვლილებას მოვუწოდებდით.

ბოლოდროინდელი ისტერიის წინ კი სრულიად უმტკივნეულო ფაქტები გამოვიტანეთ საზოგადოების სამსჯავროზე, რითიც ტყუილებსა და მანიპულაციაში ვამხილეთ.

ჩვენ დავწერეთ, რომ მიუხედავად ხელისუფლების განუწყვეტელი დემაგოგიისა, საქართველოში ჩინეთის ინვესტიციები სრულიად მინიმალურია და ბოლო 10 წლის მანძილზე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ხშირად ინვესტორების ათეულშიც ვერ ხვდებოდა მისი 2 ან 5-პროცენტიანი წილით საერთო საინვესტიციო კალათაში (ჩვენი ანალიზი მთლიანად საქსტატის მონაცემებს ეყრდნობა); ხოლო სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ივლისში გამოცხადდა, სინამდვილეში სრულად პოლიტიკურია და რამდენად ხმამაღლაც არ უნდა იგინონ და ილანძღონ სხვადასხვა რანგის „ოცნების“ ჩინოვნიკებმა, ეს მას თვალწარმტაცსა და დიდებულ ეკონომიკურ აღმავლობად ვერ აქცევს.

დაბოლოს, ივანიშვილის ამ თუთიყუშებს, გვინდა, ვურჩიოთ, სანამ ტერიტორიულ მთლიანობაზე ყელმოღერებულები სადმე ისარს გაისროდნენ, ჯერ იმ სტრატეგიულ განაცხადში ჩაიხედონ, სადაც რატომღაც რუსული ოკუპაცია საერთოდ „გამორჩათ“, ხოლო შემდეგ გაერო-ში დევნილების რეზოლუციაზე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხმის მიცემის შედეგები დაიზეპირონ. დარწმუნებული ვარ, მათ უმრავლესობას წარმოდგენა არ აქვს ამ თემაზე და ძალიან გაოცებული დარჩებიან. სხვათა შორის, ჩვენ ამაზეც ვწერდით. რატომ გაბრაზდა პარლამენტის სპიკერი და საპარლამენტო უმრავლესობა? რატომ ახლა, 2024 წლის იანვარში, როდესაც უკვე შვიდი წელია, „სამოქალაქო იდეა“ ხელისუფლების ჩინურ კომპანიებთან სავარაუდო კორუფციულ კავშირებზე და უშუალოდ პრემიერის პოლიტიკურ კორუფციაზე საუბრობს. ამ კითხვაზე მარტივი პასუხია — ანაკლია.

როგორც ჩანს, ამ ეტაპზე ხელისუფლება ანაკლიის პორტის ტენდერში ჩინური კომპანიის გამარჯვების გადაწყვეტილებაზე მუშაობს. შესაბამისად, კარგად აცნობიერებენ უკმაყოფილების ტალღას, რომელსაც მსგავსი გადაწყვეტილება გამოიწვევს და, მათი აზრით, პრევენციულ ზომებს ახორციელებენ.

„ქართულმა ოცნებამ“ იცის, რომ „სამოქალაქო იდეა“ ქვეყანაში ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც, შვიდი წელია, სწორედ სტრატეგიულ კორუფციაზე და ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების დაცვაზე მუშაობს. შესაბამისად, ყველაზე კვალიფიციურ და დასაბუთებულ კრიტიკას სწორედ ჩვენგან ელიან. ჩვენს პოზიციებს ისმენენ და კითხულობენ ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც. შესაბამისად, დღეს ამზადებენ ნიადაგს იმისათვის, რომ კვალიფიციურ კრიტიკაზე პასუხად, ნაცვლად არგუმენეტებისა, „ტაივანის ლობისტები“ იძახონ. მივმართავთ მიხეილ სარჯველაძეს, ზუსტად განგვიმარტოს, რას ნიშნავს მისი მუქარა, რომ „საქართველოს ხელისუფლება არ შეეგუება ტაივანიდან ქართული ორგანიზაციის დაფინანსებას“. ველით მის პასუხს და განმარტებებს, რას ნიშნავს და როგორ უნდა გავიგოთ „არშეგუება“. ეს არის პირდაპირი მუქარა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის მიმართ, რაც განსაკუთრებით სამწუხაროა, როდესაც ამას, არც მეტი, არც ნაკლები, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე აკეთებს და არც გასაკვირია, რომ კრემლის ერთ-ერთმა მთავარმა პროპაგანდისტულმა მედია საშუალებამ, „სპუტნიკმა“  სიამოვნებით აიტაცა აღნიშნული ინფორმაცია. შეგახსენებთ, რომ „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელი ერთადერთი მაღალი თანამდებობის პირი იყო ქვეყანაში, ვისი თანამდებობიდან გათავისუფლებაც კრემლმა (იხილეთ კარასინის პრესკონფერენცია 2016 წლის გაზაფხულზე) ღიად, პირდაპირ ეთერში მოითხოვა. მაშინ სწორედ ასე ემუქრებოდა ბატონი კარასინი თინა ხიდაშელს: „საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მსოფლიოს მოუწოდა, რომ ცივილიზებული მსოფლიო უნდა გაერთიანდეს რუსული საფრთხის წინააღმდეგ. ნორმალურ საზოგადოებაში ასეთ განცხადებებს არ პატიობენ. ჩვენ თავს ვიკავებთ, მაგრამ ჩვენს მოთმინებასაც აქვს საზღვარი“.

აქვე ერთმნიშვნელოვნად უნდა განვაცხადოთ:

გაგიკვირდებათ და, ჩვენ არ ვართ საგარეო საქმეთა სამინისტრო, შესაბამისად, არ გამოვხატავთ რომელიმე სახელმწიფოს აღიარების ან არაღიარების შესახებ პოზიციას;

არასოდეს არც „სამოქალაქო იდეას“ და არც თინათინ ხიდაშელს, ტაივანის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ განცხადება არ გაუკეთებია და ასეთს ვერც ვერასოდეს მოისმენთ;

გაგიკვირდებათ და, არც თავდაცვის სამინისტროში აღარ ვართ, შესაბამისად, ის, რომ თინათინ ხიდაშელს 8 წლის წინ წვდომა ჰქონდა საიდუმლო დოკუმენტებთან (რომლებიც, სხვათა შორის, არანაირად არ არის კავშირში არც ტაივანთან და არც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, ვინაიდან მაშინ ისინი თავდაცვის სამინისტროს პარტნიორთა რიცხვში არ იყვნენ), შეუძლებელია, დღეს, 8 წლის შემდეგ, ჩვენს საქმიანობასთან რაიმე კავშირში იყოს. ამ ფაქტის უკონტექსტოდ გახსენება პროპაგანდის სტანდარტულ მეთოდს წარმოადგენს.

ჩვენ საგანმანათლებლო საქმიანობითაც ვართ დაკავებული და შეგვიძლია, დაინტერესებული დეპუტატები ვამეცადინოთ „ერთი ჩინეთის პოლიტიკასა“ და „ერთი ჩინეთის პრინციპს“ შორის განსხვავებაზე, საქართველოს დასავლელი პარტნიორების პოზიციებსა და აღიარებებზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამავდროულად, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სამოქალაქო იდეას“ აქვს პარტნიორული ურთიერთობები ტაივანში არსებულ ორგანიზაციებთან და ეს ინფორმაცია საჯაროა.

„დიახ, „სამოქალაქო იდეას“ აქვს პარტნიორული ურთიერთობები ტაივანში არსებულ ორგანიზაციებთან. ეს არც ტელეკომპანია „იმედს“ აღმოუჩენია და არც „რუსთავი 2“-ს. ეს ინფორმაცია ჩვენს ვებგვერდზე დევს სრულიად ღიად და საჯაროდ. ასევე, ჩვენს გვერდზე ამოიკითხავთ, რომ საერთაშორისო კონფერენციის პარტნიორი, რომელსაც 2023 წლის ოქტომბერში თბილისში ვუმასპინძლეთ და 30-ზე მეტი ქვეყნის წამყვანი ექსპერტები მონაწილეობდნენ, ტაივანის დემოკრატიის ფონდიც იყო, საქართველოში ნატო-ს საკონტაქტო საელჩო დიდი ბრიტანეთის, ასევე, პოლონეთის საელჩოს, ვიშეგრადის ფონდთან, გერმანიის ფრიდრიხის ნაუმანის ფონდთან და NED-თან ერთად. მათი დაფინანსება კი შეადგენდა 5 ათას დოლარს.

ასევე, ჩვენს გვერდზე დევს ინფორმაცია ტაივანში ჩვენი ვიზიტებისა და იქ ჩვენ მიერ გამართული პანელური დისკუსიების შესახებ. რომ არ დაგზარებოდათ და ცოტათი მეტი წაგეკითხათ ჩვენს გვერდზე, აუცილებლად ნახავდით, რომ 2023 წლის დეკემბერში პირველად არ ვიყავით ტაივანში. თუმცა, აქვე იმედი უნდა გაგიცრუოთ, რომ ტაიპეიში ჩვენ მიერ გამართული ღონისძიებებისთვის დაფინანსება ჩვენი ტაივანელი პარტნიორებისგან არ იყო და მას ამერიკული ორგანიზაცია აფინანსებდა.

დაბოლოს, ასევე იქვე, ჩვენს გვერდზე ნახავდით, რომ ძალიან დიდ საერთაშორისო პროექტში ვმონაწილეობთ ჩვენს კიდევ ერთ ტაივანელ პარტნიორთან ერთად, სადაც „სამოქალაქო იდეას“, მისი ექსპერტების რეპუტაციისა და პროფესიონალიზმის გათვალისწინებით, მსოფლიოს 13 სხვადასხვა სახელმწიფოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ განხორციელებული საქმიანობის კვლევა და ანალიზი აქვს ჩაბარებული.

შეცდომაა – „ტაივანი გაფინანსებთ“, ვინაიდან განსხვავებით ჰოლანდიის, ნორვეგიის, დიდი ბრიტანეთის და აშშ-ის მთავრობებისგან, სადაც „სამოქალაქო იდეას“ დაფინანსება საელჩოების, შესაბამისად, პირდაპირ ამ სახელმწიფოებისგან აქვს წლების განმავლობაში, ჩვენ ტაივანის სახელმწიფოს დაფინანსება არასოდეს გვქონია. ნამდვილად გვქონდა და იმედი გვაქვს, მომავალშიც გაგრძელდება ჩვენი თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან ტაივანიდან, რომლებიც კერძო, დამოუკიდებელი ორგანიზაციები არიან და, შესაბამისად, ჩვენ მიერ წარდგენილი ინიციატივების მოწონების შემთხვევაში, დაფინანსებასაც გამოყოფენ“, – აღნიშნულია „სამოქალაქო იდეის“ განცხადებაში.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 19 იანვარს განაცხადა, რომ თინა ხიდაშელი ცდილობს, ანტიჩინური განწყობები გააღვივოს. „მისი ორგანიზაცია ტაივანიდან ფინანსდება, საინტერესოა, როგორც თავდაცვის ყოფილი მინისტრი, როგორ ხედავს ტაივანს და აღიარებს თუ არა ჩინეთის ტერიტორიულ მთლიანობას?“ – განაცხადა პაპუაშვილმა.