თინა ხიდაშელი - მორჩილი მოსამართლეები, რომლებიც სააკაშვილისგან ივანიშვილმა გადმოიბარა, სამუდამოდ უნდა დაემშვიდობონ სასამართლოს
მორჩილი მოსამართლეები, რომლებიც სააკაშვილისგან ივანიშვილმა გადმოიბარა, სამუდამოდ უნდა დაემშვიდობონ სასამართლოს, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა სასამართლოში არსებულ გამოწვევებზე საუბრისას განაცხადა.
როგორც თინა ხიდაშელმა განაცხადა, აუცილებელია სასამართლო სისტემაში ახალი კადრების შესვლა.
„დიდი ხანია, ჩემი პოზიცია ნათქვამი მაქვს, ის სულ ერთი წინადადებისგან შედგება და ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, ყველაზე უფრო მძიმე სათქმელია, მაგრამ ერთადერთი გამოსავალია, რომ მორჩილი მოსამართლეები, რომლებიც სააკაშვილისგან ივანიშვილმა გადმოიბარა, სამუდამოდ უნდა დაემშვიდობონ სასამართლოს. ამას დასჭირდება საკონსტიტუციო ცვლილება და ეს უნდა იყოს შემდეგი პარლამენტის მნიშვნელოვანი საქმე, რომ სასამართლოს ზედა სეგმენტში ფუნდამენტური რეფორმა განხორციელდეს, რაც შესაძლებლობას გააჩენს ახალი ადამიანების სასამართლო სისტემაში შესვლისთვის“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
მისივე თქმით, ყველასთვის მნიშვნელოვანია, თუ ვინ იქნებიან ქვეყნის უზენაესი სასამართლოს წევრები.
„დისკუსიები, რომელსაც ერთ წელზე მეტია თვალს ვადევნებთ, ოპტიმიზმის განსაკუთრებულ საფუძველს არ გვაძლევს. გუშინ საპარლამენტო მოსმენაზე გამოჩნდა, რომ იმაზე უფრო მძიმეა ვითარება, ვიდრე წარმოგვედგინა. ერთი მხრივ, ვუყურებდით მოსამართლეს, რომელიც ვერ ახერხებდა ვერც ერთ კითხვაზე პასუხის გაცემას, რადგან სამართლებრივი თვალსაზრისით მისი წარსული ძალიან მძიმე ლაქებით არის ცნობილი. მეორე მხრივ, ვუყურებდით პარლამენტის წევრებს, რომლებმაც საპარლამენტო სხდომა გამოიყენეს პირადი ინტერესების საჯაროდ გამოფენისთვის, მოსამართლისთვის მეორე სასამართლოს მოწყობისთვის, უკვე პირიქითი როლებით, როდესაც პირადი ჯავრი გაქვს და გინდა, რომ ეს რევანში აიღო. ეს იყო უმძიმესი სანახაობა, რასაც ჩვენ გუშინ ვუყურებდით, ორივეს შესრულებით. ორივე მხრიდან ძალიან მძიმე საყურებელი იყო. როდესაც ქვეყანა ასეთ მდგომარეობაშია, ბუნებრივია, გაქვს განცდა, რომ საერთოდ აღარაფერს აზრი არ აქვს, მაგრამ სწორედ ასეთ დროს გჭირდება განსაკუთრებული მობილიზაცია“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.