თინა ბოკუჩავა - ზაქარია ქუცნაშვილი თავს განტევების ვაცის როლში გრძნობს, რადგან გახარია კი არ გადადგა, პრემიერის სკამშია მოკალათებული
ზაქარია ქუცნაშვილი თავს განტევების ვაცის როლში გრძნობს, რადგან ხელისუფლებამ „გავრილოვის ღამისთვის“ პასუხისმგებლობა არ აიღო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ განუცხადა.
დეპუტატის თქმით, როგორც ჩანს, ქუცნაშვილი ხედავს, რომ ოკუპანტების სახელით, ვინც მოქალაქეებს თვალები დათხარა, კი არ გადადგა, პრემიერ-მინისტრის სკამშია მოკალათებული.
„როგორც ჩანს, ქუცნაშვილი მიიჩნევს, რომ ივანიშვილმა ხელი უსამართლოდ „შეახოცა“ და მანდატის დატოვება მოუწია. დარწმუნებული ვარ, ბევრი სხვა თავს უსამართლოდ დასჯილად რომ იგრძნობს, ალაპარაკდება და მოყვება, კიდევ ბევრი სიბინძურის შესახებ, რაც გუნდში ხდება“, – განაცხადა ბოკუჩავამ.
საქართველოს პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა, ზაქარია ქუცნაშვილმა ჟურნალისტებს დღეს გამართულ პრესკონფერეციაზე განუცხადა, რომ ეროვნული მასშტაბის ბულინგი 100 დღე ითმინა და დუმილი დაარღვია. „კობახიძეს არ მგონია, სცოდნოდა, რომ მის სავარძელს გავრილოვი დაიკავებდა. ოპოზიციის გაღიზიანების მიზეზი ეს შემთხვევა იყო. როცა მიზეზი დილით ამოწურულია და შენ პარლამენტზე შტურმს ღამის 10:00 საათზე იწყებ, როცა რუსული დელეგაცია არათუ პარლამენტში, არამედ საქართველოშიც აღარ იმყოფება, მაშინ ეს არის საბაბი და არა მიზეზი. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ოპოზიცია პატიოსნად არ იქცეოდა და იყენებდა საზოგადოების გულწრფელ ემოციას პოლიტიკური მიზნებისთვის, ძალაუფლება რამენაირად ხელში ჩაეგდო“, -განაცხადა ქუცნაშვილმა.