თინა ბოკუჩავა - წინა შეხვედრაზეც იყო საუბარი ციფრებზე, მაგრამ არა რაიმე შემოთავაზებაზე, საარჩევნო სისტემის სხვადასხვა ვარიანტი განიხილება
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გარკვეული ციფრები დასახელდა, თუმცა კონკრეტულ შემოთავაზებაზე საუბარი არ არის.
ბოკუჩავას თქმით, საარჩევნო სისტემის სვადასხვა ვარიანტი განიხილება. ბოკუჩავას განმარტებით, უმთავრესი ფუნდამენტური პრინციპი არის ის, რომ სისტემა პროპორციულთან მაქსიმალურად უნდა იყოს დაახლოებული.
„საუბარი არის ორკომპონენტიან შეთანხმებაზე, თუ ასეთი შედგა. ერთ-ერთი კომპონენტი, რომელიც ნებისმიერი შეთანხმების განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს, ჩვენი პოლიტიკური ძალისთვის ეს არ არის – ან ის, ან ის, მაგრამ ამას იზიარებს ძალიან ბევრი სხვა პოლიტიკური ძალაც. მეორე კომპონენტი დიახ, ეხება პოლიტიკურ დევნას. პირველი არის სრულად პროპორციულ სისტემასთან მაქსიმალურად დაახლოებული მოდელი.
ვიცი, რომ ერთ-ერთმა მონაწილემ კონკრეტული ციფრები გააჟღერა, რაც ჩვენთვის მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც ჯერ კიდევ შეხვედრაზე ვიმყოფებოდით. მინდა გითხრათ, რომ გიორგი (ვაშაძე) გუშინწინდელ სადილს არ ესწრებოდა, რომელიც იგივე შემადგენლობით შედგა. ის ქვეყანაში არ იმყოფებოდა. მაშინაც იყო საუბარი, რაღაც კონკრეტულ ციფრებზე, მაგრამ არ იყო საუბარი რაიმე შემოთავაზებაზე. ანუ, განხილვაშია სხვადასხვა ვარიანტი, სხვადასხვა შესაძლებლობა, მაგრამ უმთავრესი ფუნდამენტური პრინციპი, რომელისგანაც ამოვდივართ, არის ის, რომ პროპორციულთან მაქსიმალურად დაახლოებული სისტემა იყოს.
ვსაუბრობდით და შემიძლია გაგიმეოროთ, რომ პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც აქვს ქვეყნის მოსახლეობის 40 პროცენტზე ნაკლები მხარდჭერა, არ შეიძლება ჰქონდეს მთავრობის ფირმირების შესაძლებლობა. ეს ახლა, როგორ გადაითარგმნება კონკრეტულ ციფრებში, ბევრად ნაკლებად მნიშვნელოვანი საკითხია, ვიდრე ფუნდამენტური პრინციპებისა და ჩვენი მოქალაქეების პრინციპების დაცვა“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში და აშშ-ის ელჩის მოადგილე ელიზაბეთ რუდი საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიცის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები გრიგოლ ვაშაძე და თინა ბოკუჩავა, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი, „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი, სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი, ასევე დამოუკიდებელი დეპუტატები თამარ ჩუგოშვილი და მარიამ ჯაში.
„ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ახლა 110/40-ზე მოდელზე საუბრობს.