გიორგი ვაშაძე - „ქართული ოცნება“ ახლა გვეუბნება, რომ მათი პოზიცია არის 110/40-ზე, გარკვეული დათქმებით
გიორგი ვაშაძე - „ქართული ოცნება“ ახლა გვეუბნება, რომ მათი პოზიცია არის 110/40-ზე, გარკვეული დათქმებით

„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ  საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებას“ გარკვეული დათქმებით, ახალი პოზიცია აქვს – 110/40-ზე.

ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს დიპლომატების, მმართველი გუნდის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ნაწილის შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომ საქართველო რეალურად დგას საგარეო იზოლაციის საფრთხის წინაშე „ქართული ოცნების“ გამო, თავხედური ქმედებების გამო, რასაც ისინი აკეთებენ და ეს აბსოლუტურად გულწრფელი შეშფოთებაა, როგორც დიპლომატიური კორპუსის, ისე ყველასი. ეს ოპოზიციის საზრუნავიც უნდა იყოს. გარკევეული  სიახლეები ამ დისკუსიაში, რომელიც არ დასრულებულა, ნამდვილად არის ის, რომ „ქართული ოცნება“ ახლა გვეუბნება, რომ 110/40-ზე არის ჩვენი პოზიციაო, რაღაც გარკვეული დათქმებით. მე ძალიან მარტივი გზავნილი მაქვს, რომ ჩვენ ადგილების და მანდატების რაოდენობით არ ვვაჭრობთ. ჩვენ ვამბობთ ერთადერთ რამეს – 40 პროცენტზე ნაკლები თუ აქვს მხარდაჭერა პოლიტიკურ ძალას, მას არ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ უმრავლესობა ჩამოაყალიბოს, მაქსიმალურად გავითვალისწინოთ პროპორციულის მისწრაფება. შეიძლება, ამ შემთხვევაში გარკვეული თავისუფალი კენჭისყრა მაინც იყოს ოპოზიციის მხრიდან, მაგრამ ამავე პაკეტში გვერდზე არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და პოლიტიკური დევნის შეჩერება. ეს არის ოპოზიციის პოზიცია. ოპოზიცია ერთიანია და არაფერი შეცვლილა“, – განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, სისტემა 110/40-ზე მისაღები ვერ იქნება.

„110/40, რაც ირაკლი კობახიძემ თქვა, ვერ იქნება მისაღები, რადგან 110/40-ზე არ ითვალისწინებს მისწრაფებებს პროპორციული არჩევნებისა. თუმცა ისინი საუბრობენ, რომ კიდევ დამატებით რაღაც კომპონენტებს შეიტანენ. ოპოზიცია მოისმენს, რა არის დამატებით სხვა კომპონენტები. ჩვენ ხალხს ვერ მოვატყუებთ“, – განაცხადა ვაშაძემ და აღნიშნა, რომ დათქმები ეხება პროპორციულისა და მაჟორიტარულის გადანაწილებასა და სხვა საკითხებს.

შეხვედრაში მონაწილეობენ: საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში და აშშ-ის ელჩის მოადგილე ელიზაბეთ რუდი, ასევე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, უმრავლესობის წარმომადგენელი ირაკლი კობახიძე, დამოუკიდებელი დეპუტატები თამარ ჩუგოშვილი და მარიამ ჯაში, დეპუტატი გია ჟორჟოლიანი, „პატრიორტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები – „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენელი დავით უსუფაშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე, „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი გიგა ბოკერია, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, დეპუტატი თინა ბოკუჩავა. შეხვედრა ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში მიმდინარეობს.